2024 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში უკვე გაიხსნა. საინტერესოა, გასულ წლებთან შედარებით, რამდენად იმატა ფასებმა, რა თანხებთანაა დაკავშირებული ქალაქში დასვენება ქართველებისთვისა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისთვის და რამდენად ნაყოფიერია ამ ეტაპისთვის წლევანდელი სეზონი ადგილობრივი ბიზნესისთვის.
ბათუმში სასტუმროებს სხვადასხვა ფასი აქვს. Booking.com-ის მიხედვით, ნორმალური პირობების მქონე სასტუმროების ფასები 110 ლარიდან იწყება. ხუთ და ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტული, ორადგილიანი ნომრების ღირებულება ერთი ღამით 500 ლარიდან 800 ლარამდე მერყეობს. ამ ფასში არ შედის კვება. სასტუმროში საუზმის მირთმევის სურვილის შემთხვევაში ერთ პერსონაზე 50 ლარის დამატება მოგიწევთ.
არ უნდა გამოგვრჩეს კერძო ბინები. ბათუმში ყველაზე აქტიურად დამსვენებლები ეძებენ ისეთ ბინებს, რომლებიც ტერიტორიულად ზღვასთან ახლოს მდებარეობს. ასეთი ბინების დღიური ფასი ორი ადამიანისთვის 100 ლარიდან იწყება. უფრო შეღავათიან ფასად ღამის გათევას შეძლებთ ჰოსტელებში, რომელთა ღირებულებაც განსხვავებულია და დამოკიდებულია მდებარეობასა და გარემო-პირობებზე. ყველაზე იაფიანი ჰოსტელის დღიური ფასი 30 ლარია, ხოლო ყველაზე ძვირიანის - 112 ლარი.
გადავინაცვლოთ პლაჟზე. სანაპიროზე იჯარით მოსარგებლე ადამიანებმა უკვე განათავსეს ასობით შეზლონგი. შეზლონგების ფასი არ შეცვლილა. ჩვეულებრივი შეზლონგი 5 ლარი ღირს, ბადიანი - 10. თუმცა, ესეც დამოკიდებულია ტერიტორიაზე. არის ადგილები, სადაც შეზლონგს 10-15 ლარადაც მოგაქირავებენ. მზის ქოლგების ფასიც ანალოგიურია. შეზლონგებითა და ქოლგებით შეგიძლიათ, მთელი დღის განმავლობაში ისარგებლოთ.
"შარშან ამ დროს აქ იყო "ბუმი," ახლა ნახეთ, ცარიელია სანაპირო. ვაკვირდებით და ტურისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით, 50%-ით შემცირებულია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ უკეთესობა იქნება. ყველაფერი გაძვირებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად იმატებს ფასები ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვარეგულირებთ ამას და იძულებულები ვართ, მომსახურება გავაძვიროთ." - გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი ბიზნესის თანამფლობელი, გიორგი ლობჟანიძე.
საინტერესოა, რა სიტუაციაა იახტკლუბში. როგორც გამქირავებლები გვეუბნებიან, კატერით 30 წუთით გასეირნების ფასი დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე. მინიმალური ღირებულებაა 150 ლარი. სკუტერით 10 წუთით სარგებლობისთვის 100 ლარი უნდა გადაიხადოთ. პარაშუტით აფრენა 150 ლარი დაგიჯდებათ. გაითვალისწინეთ, ფრენის ხანგრძლივობა 8 წუთია.
"ამბობენ, რომ წელს სეზონი ჩავარდა, თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება. ჩვენი კომპანია გიდებთანაც თანამშრომლობს, შესაბამისად, მუშაობას არ ვუჩივით. გარდა ამისა, სხვა კომპანიებთან შედარებით, ბევრად უფრო კარგი ადგილი ვიქირავეთ. ალი და ნინოს ქანდაკებასთან ბევრი ხალხი იკრიბება, ამიტომ, ჩვენი მოგნება ძალიან მარტივია." - ამბობს კომპანია "SUNRISE" - ის" ერთ-ერთი თანამშრომელი, გიორგი ბერიძე.
რაც შეეხება სხვა კომპანიების („Fishland,” “Oceanus” და სხვ.) წარმომადგენლებს, ისინი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან მხოლოდ გიდებზე არიან დამოკიდებულები და ამბობენ, რომ წელს ბათუმში შესამჩნევად ცოტა ტურისტია. გამქირავებლები იმედოვნებენ, რომ სიტუაცია ივლისის ბოლოსთვის მაინც გაუმჯობესდება, რადგან კონკრეტული საქმიანობის განხორციელებას საკმაოდ სოლიდური თანხა მოახმარეს.
ბათუმის ბულვარში ხშირად შეხვდებით ადგილებს, სადაც ორ და ოთხბორბლიანი ველოსიპედები, ელექტრომობილები და სკუტერები აყენია. მათი ნახევარი საათით ქირაობა ქართველებს 15 ლარად, ხოლო უცხოელებს 25 ლარად შეუძლიათ. ამ ბიზნესით დაკავებული ადამიანებისთვის 2024 წლის სეზონი ჯერჯერობით პროდუქტიულია.
ასევე, მრავლადაა ხილის სტენდები. ხილის ასორტი პატარა ჭიქაში ქართველებისთვის 10 ლარი ღირს, დიდ ჭიქაში - 20. მოვაჭრეები კითხვაზე, თუ რამდენად იყიდება ხილი ტურისტებზე, პასუხისგან თავს იკავებენ. გარდა ამისა, ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ სასურსათო ჯიხურებში პროდუქტი ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივ მარკეტებში. აღსანიშნავია, რომ ასეთ ობიექტებზე პროდუქტებს ფასი მითითებული არ აქვს. შესაბამისად, თქვენი გადასახდელი თანხის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აფასებს მოვაჭრე პროდუქტს.
ბათუმში ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე უცხოელ დამსვენებლებსაც ვესაუბრეთ.
"ბათუმი ძალიან ლამაზი ქალაქია და ფასებიც ნორმალურია. თუმცა, ადგილობრივების მხრიდან არაკეთილსინდისიერება რამდენჯერმე შემიმჩნევია რესტორნებში. როდესაც ხედავენ, რომ ტურისტი ვარ, ფასს უმატებენ, ვერ ვხვდები, რატომ აკეთებენ ამას." - ტურისტი საუდის არაბეთიდან.
"აქ ყველაფერი ძვირია, თუმცა გასაგებია, რატომაც. ბათუმში ბევრი ტურისტია. თუმცა, სხვა ქვეყნებს რომ შევადარო, თუ აქ, მაგალითად, 150 ლარს ვიხდი 10 წუთით რაიმე სერვისით სარგებლობაში, სხვა ქვეყანაში ამ ფასად 30-45 წუთით ვისარგებლებ. დავამატებ, რომ ბათუმში ბევრად უფრო ნორმალური ფასებია, ვიდრე თბილისში."- ამბობს დამსვენებელი აზერბაიჯანიდან.
სეზონის დახურვამდე დიდი დროა, თუმცა, როგორც ამბობენ, 2024 წლის ზაფხული არც ისე ნაყოფიერად დაიწყო. საინტერესოა, არის თუ არა წელს დამსვენებლების ნაკლებობა ბათუმში ფასების დიდი რაოდენობით მატებისაგან გამოწვეული?
Comments