top of page
  • TSU Media

გარემო ბარიერების გარეშე


შშმ პირების ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურული გამოწვევები


2020 წლის მონაცემებით, საქართველოში შშმ პირთა რაოდენობა 8,7%-იდან  35,05%-ამდე მერყეობს, ხოლო თბილისში მათი რიცხვი 2,72%-ია. შშმ პირთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია გავიგოთ, რამდენად არის მორგებული ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე და აქვთ თუ არა სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მათ.

     ამ თემასთან დაკავშირებით შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე  ძირითადი საკითხი:

  1. რამდენად სერიოზულად ეკიდება სახელმწიფო შშმ პირთა საჭიროებებს და ხომ არ არის მათი ქმედებები უბრალო ფორმალობა;

  2. რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული შშმ პირთა საჭიროებებთან დაკავშირებით და იაზრებს თუ არა, რომ მათაც სჭირდებათ სრულფასოვანი საარსებო გარემო;

  3. შშმ პირთა სოციუმში არსებული პრობლემების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, იბრძვიან თუ არა  შშმ პირები ერთი საერთო მიზნისთვის.

     თბილისში ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება არც ისე კომფორტულია, განსაკუთრებით შშმ პირებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ქუჩებსა თუ შენობებში მათი ინდივიდუალური საჭიროებები არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა დღემდე დიდ გამოწვევად  რჩება.  ამ მხრივ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ქვეყანაში და კონკრეტულად თბილისში. ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომი პირობების შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობებისა და მათი ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ადაპტირებული გარემოს შექმნის გარეშე კი შშმ პირთა ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქმის შეუძლებელია.




რას გვკარნახობს კანონმდებლობა?


 

     შშმ პირთა უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-11 მუხლის მიხედვით „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის“.

     შშმ პირთა უფლებები ასევე დაცულია საქართველოს კანონით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. „ეს კანონი განსაზღვრავს შშმ პირებისთვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის ხელმისაწვდომობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს, რათა მიღწეულ იქნეს: ა) ინდივიდუალური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის, მათ შორის, თავისუფალი არჩევანის გაკეთების, თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლების რეალიზება“.

    კანონის თანახმად, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს შშმ პირების გარემოსთან ადაპტირებული მექანიზმების შემუშავება. აგრეთვე,  ვალდებული არიან , 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელონ არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

     2014 წლიდან საქართველო შეუერთდა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციას“, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ვალდებულია, გააუმჯობესოს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. სწორედ გარემოს ადაპტირებას ეხება კონვენციის მე-9 მუხლი, სადაც დეტალურად არის ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ვალდებულებები ფიზიკური გარემოს ადაპტირებისა და შშმ პირებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ინტერესების რეალიზება. კონვენცია სახელმწიფოს ავალდებულებს არა მხოლოდ დანერგოს, არამედ მონიტორინგი გაუწიოს მისაწვდომობის მინიმალური სტანდარტების რეალიზებას.


რა რეალობა გვხვდება თბილისში?

     ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესება უფრო მეტად პრიორიტეტული გახდა, ვიდრე წარსულში. თუმცა, ცხადია, საკითხის პრობლემურობა დღესაც აქტუალურია, რადგან მთავრობა არ დგას ქმედით ნაბიჯებს. თბილისსა თუ რეგიონებში არსებული პანდუსები, რელიეფური ფილები თუ ხმოვანი შუქნიშნები, ძირითადად, მხოლოდ ფორმალობის ნაწილია. 2023წელს შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მთავრობამ 50 მლნ ლარი გამოყო, მიუხედავად ამისა, შეფასება აჩვენებს, რომ მხოლოდ 30 მლნ ლარი დაიხარჯა. ფაქტია, შშმ პირებზე გათვლილი ბიუჯეტი მიზნობრივად არ იქნა გამოყენებული,რაც პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მათი ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში კვლავ ჭირს.

     ერთია, კანონმდებლობით გათვალისწინებული კანონების არსებობა და მეორე, რა რეალობას ვაწყდებით თბილისში. შშმ პირთათვის შიდა სივრცეებსა და შენობა/ნაგებობებში ადაპტირებული გარემოს შექმნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარე სივრცეები სრულად არ არის მორგებული შშმ პირებზე, არ არის პანდუსები, რელიეფური ფილები, ხმოვანი შუქნიშნები, ან თუ არის, გაუმართავია. ასეთ ბარიერებს ვაწყდებით ისეთ ადგილებშიც, როგორებიცაა: კლინიკა/საავადმყოფოები, საჯარო სივრცეები,  კვებითი და სასწავლო დაწესებულებები და ა.შ. განსაკუთრებული  პრობლემა ამ მხრივ ეტლით მოსარგებლეებს ექმნებათ. ასეთ პრობლემებსა და დაბრკოლებებზე საუბარი უსასრულოდ შეგვიძლია, თუმცა უმჯობესია თუ ამ საკითხებზე თავად ის ადამიანები გაგვესაუბრებიან, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ ამ დაბრკოლებებთან შეჭიდება.

     დიანა ჯაშიაშვილი ეტლით მოსარგებლე შშმ პირია, რომელსაც საკმაოდ აქტიური ცხოვრება აქვს და მუდმივად უწევს ქუჩაში ეტლით გადაადგილება. მისი თქმით, ქუჩები სრულად ადაპტირებული არ არის, რის გამოც ხშირად ექმნება პრობლემა გადაადგილებისას, თუმცა ამ პრობლემას არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ სხვადასხვა სახის დაწესებულებებშიც აწყდეა, მათ შორისაა მის საცხოვრებელთან ახლოს არსებული პოლიკლინიკა - ,,თვითონ კლინიკამდე მისვლა არ მიჭირს, რადგან პანდუსები გაკეთდა, თუმცა კლინიკის შენობა არ არის მორგებული შშმ პირებზე. იქ არის ლიფტი, რომელიც წესით ეტლით მოსარგებლეებისთვის არის გათვალისწინებული, თუმცა ლიფტამდე და ლიფტიდან გამოსვლისას კიბეებია, რაც უკვე ბარიერია…”  ამ დაბრკოლებების გამო დიანას უწევს მიმართოს კერძო კლინიკებს, რომლებიც სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე, თუმცა იქ გადასახადიც ბევრია, რაც ცალკე უსიამოვნებაა მისთვის.

     შშმ პირების გადაადგილებისა და მათი შესაძლებლობების სრულად რეალიზების პრობლემები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაშიც იკვეთება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, ანა სიხაშვილი, რომელიც ტოტალურად უსინათლო შშმ პირია, საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც აწყდება უნივერსიტეტში. ,,ჩემს შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში აუდიტორიების დანომრვა ბრაილის შრიფტით, რადგან უსინათლო ადამიანისთვის, რთულია სწორად გაიგნოს გზა, როდესაც არ არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ მიხვდეს, სწორად მიდის თუ არა. ასევე მნიშვნელოვანია რელიეფური ფილების დაგება იმ ადგილებში, სადაც საფეხურებია. უნივერსიტეტში კი ძალიან ბევრია ისეთი ადგილი,სადაც არ არის ფილები. ბევრი ისეთი შემთხვევაც მქონია, რომ იმ ადგილას სადაც არ ველოდები, რომ საფეხური უნდა იყოს, თურმე არის და ეს დიდ პრობლემას მიქმნის უსაფრთხოდ გადაადგილებაში.”  ანა ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

აქტივისტია.ის ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს არსებულ პრობლემებზე. აქტიურად იცავს შშმ პირთა უფლებებს და იბრძვის მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთ-ვის საზოგადოებაში. სწორედ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების განსახილველად და მათ მოსაგვარებლად ჰქონდა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან. ამ შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყებოდა. 2024 წლის გაზაფხულზე კი შეიქმნა ერთგვარი საკოორდინაციო ცენტრი შშმ პირთათვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი, ირაკლი ჩხეიძე, საუბრისას აღნიშნავს: "თსუ-ში გვაქვს ახლად გახსნილი სტრუქტურული ერთეული ,,შშმ და სსს სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრი'', რომლის დაკომპლექტებაც ახლა მიმდინარეობს. ასევე უნივერსიტეტში იგეგმება ელექტრონული ბაზებისა და საგანმანათლებლო რესურსების ადაპტირებული მოდელის შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებს გაუმარტივებს ადაპტაციას და სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღებას.'' ეს კი ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია ისეთი უნივერსიტეტისთვის, რომელსაც ამბიცია აქვს როგორც განათლების ხარისხზე, ასევე იმაზე, რომ მისი კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის.

      შშმ პირთა მისაწვდომობის სპეციალისტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ანა მიქიაშვილი, ჩვენთან საუბრობს შშმ პირთა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ ,,საქართველოში ხშირად ხდება ერთი კომპონენტის გათვალისწინება და ამ კომპონენტის ხარჯზე სხვა შეცდომების დაშვება. ვერ იტყვი, რომ გარშემო რაიმე გაკეთდა ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მხრივ, იმიტომ რომ ისეთი დარღვევებით კეთდება, უარეს ბარიერებს წარმოქმნის…’’  აღნიშნული ბარიერები კი შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ შენობა არის შეღწევადი, თუმცა არ იძლევა ღირსეული თანამონაწილეობის საშუალებას. ამაში იგულისხმება ის, რომ ზოგჯერ შენობას პანდუსები აქვს უკანა შესასვლელიდან, რაც, ერთი მხრივ, ეტლით მოსარგებლე სტუდენტს უადვილებს შენობაში შეღწევას, თუმცა მეორე მხრივ, ეს დაბრკოლებაა,  რადგან შშმ სტუდენტს უწევს შენობის შემოვლა, მაშინ, როდესაც მისი თანატოლები მთავარი შესასვლელით სარგებლობენ. ამის გამო ისინი ხშირად აწყდებიან დამოკიდებულებას ,,სულ რამდენიმე საფეხურია და ეტლს ხელში ავწევთ’’  და ა.შ, რაც თავის მხრივ პოზიტიური დისკრიმინაციაა.





რეკომენდაციები 

     შშმ საკითხებზე მუშაობა საკმაოდ დიდი თემაა და გრძელვადიან სამოქმედო პერიოდს მოიცავს, თუმცა ამ პროცესში მნიშვნელოვანია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა საბოლოოდ მივიღოთ უნივერსალური დიზაინი.  უნივერსალური დიზაინი გულისხმობს "ყველასთვის ხელმისაწვდომობას", ანუ თუკი ის ერთისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, მეორისთვის ბარიერად არ უნდა იქცეს. თუმცა, როცა უნივერსალური დიზაინი ვერ იქმნება, მაშინ საუბარი იწყება გონივრულ მისადაგებაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს გონივრულ კომპრომისებზე წასვლას და კონკრეტული გარემოსთვის საუკეთესო მისაწვდომობის უზრუნველყოფას.

პირველ რიგში:

  • შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის პროცესში, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია საქმეში წართული იყოს დარგის ექსპერტი(ები), რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები.

  • ასევე არაკომფორტული პანდუსების პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია პანდუსების გაკეთებამდე მისი ხარისხის, დაქანების კოეფიციენტისა და სხვა სპეციფიკური პარამეტრების გატესტვა თავად შშმ პირთა მონაწილეობით.

  • მნიშვნელოვანია საპარკინგე სივრცეების გაუმჯობესება, რათა ტროტუარები არ გადაიტვირთოს მანქანებით. ამასთანავე საჭიროა პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ სპეციალურად შშმ პირთათვის გამოყოფილ საპარკინგე სივრცეში არ მოთავსდეს სხვა ტრანსპორტი.

  • აუცილებელია გაუმჯობესდეს მონიტორინგის სისტემა და ყურადღება მიექცეს მის ქმედითუნარიანობას, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ახალაშენებულ შენობებს მერია ,,იბარებს'', მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ აკმაყოფილებს შშმ პირთათვის გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს.

  • ყველაზე მთავარი კი სოციუმში ცნობიერების ამაღლებაა. მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად კი უნდა ჩატარდეს ისეთი საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის გაცნობიერებაში და კიდევ უფრო ფართოდ გაუღებს კარს შშმ პირებს საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.  


     შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფრასტრუქტურის პრობლემები მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემები ერთმანეთს ჯაჭვურად ებმის და ქმნის პრობლემათა ნაკადს, რაც მათი ცხოვრების ხარისხს დაბლა სწევს. ამ პრობლემების მოსაგვარებლად  კი აუცილებელია პოლიტიკისა და სტანდარტების გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს თანასწორ წვდომას და ხელს შეუწყობს შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართულობას. თავის მხრივ კი აუცილებელია შშმ პირების სოციუმის აქტიურობა და ერთობა, რათა მოხდეს პრობლემების სრულად შესწავლა და გადაჭრა.



 







მომზადებულია საგან ,,წერითი კომუნიკაციის-პრაქტიკული ლაბორატორიის'' ფარგლებში

ხელმძღვანელი: მაია ტორაძე, ლიანა მარქარიანი

ავტორები: მარიამ მაჭარაშვილი, ქეთა გველესიანი, თამთა ნაკუდაიძე, მარიამ კუპრავა

 

 

 

Comments


bottom of page