თუშები, სანამ მათ სულიერ სახლში, თუშეთში გაზაფხული დაიწყება, უმეტეს დროს ბარში, სოფელ ალვანში ატარებენ და მათ მიერ დამზადებული გუდის ყველიც იქ ჩადის.
თუშური გუდის ყველი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საინტერესო ნაწარმია, რომელიც საკუთარი დამზადების სპეციფიკითა და გემოთი გამოირჩევა. სწორედ ამიტომაც,13 ოქტომბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აგროტურისტულ მეურნეობა „ითაბანში“ პირველად გაიმართა „თუშური გუდის ყველის ფესტივალი“, სადაც 30-ამდე გუდის ყველის მწარმოებელმა და ადგილობრივმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა.
როგორც მთავარი ორგანიზატორი, რატი კოჭლამაზაშვილი გვეუბნება, ფესტივალის ორგანიზების იდეა დიდი ხანია რაც არსებობდა, თუმცა პანდემიისა და სხვა მიზეზების გამო, მისი ორგანიზება ვერ ხერხდებოდა. „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის“ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში საკუთარი იდეისა და გეგმის წარდგენის შემდეგ კი შეძლეს დაფინანსების მოპოვება და ღონისძიების ორგანიზება. ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია. ასევე ფესტივალს მხარს უჭერდნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია და საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია.
„თუშური გუდის ყველის ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი ფერმერების ბაზრობა, რომელთაც ადგილზე წარმოადგინეს თუშური ყველის ნაირსახეობები (ცხვრის და ძროხის გუდა, კალტი...), ღვინო, მატყლის ნაწარმი, ქუმელი, ჩაი და სხვა. ჩატარდა თუშური სამზარეულოს მასტერკლასები მოწვეული და ადგილობრივი შეფების მიერ; მოწყობილი იყო საკვები კუთხეები, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ადგილობრივი კერძი; გამოფენილი იყო ნახატები; ასევე ჩატარდა თუშური გუდის ყველის კონკურსი, სადაც ჟიურის წევრებმა გამოავლინეს საუკეთესო ყველის მწარმოებლები და პრიზებით დააჯილდოეს; ამის გარდა, გაიმართა ძველი თუშური ყოფის ამსახველი კადრების კინოჩვენება, სტუმრებისთვის ორგანიზატორებმა „გააცოცხლეს“ თუშური ტრადიციული თამაშობები და ღონისძიება გააფორმეს თუშურმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
ფესტივალის ორგანიზებისა და მოწყობის მნიშვნელობაზე იქ მყოფი ადგილობრივი ყველა მეწარმე საუბრობდა და მათ შორის არის გიორგი სეხნიაძეც, რომლის ბრენდი - „უშარო“ ბაზარზე უკვე 2016 წლიდან არსებობს. ისინი 10 სახეობამდე ჩაის აწარმოებენ, გარდა ამისა, აქვთ მურაბები, სანელებლები, სხვადასხვა სპირტიანი სასმელები მცენარეული არომატებით. მათი მიზანია ისტორიულად არსებული მცენარეული მკურნალობის ტრადიციის გაცოცხლება და ახლიდან აღორძინება. სწორედ ამიტომ, როგორც გიორგი გვეუბნება, მსგავსი ფესტივალის ჩატარება არა მხოლოდ მათი, როგორც მეწარმეების ცნობადობის ხელშეწყობისთვის არის კარგი, არამედ ჩამოსულ სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიცნონ ადგილობრივი მეწარმეები და მათგან შეიძინონ ხარისხიანი პროდუქცია.
ადგილობრივ მეწარმეებს შორის იყო ვახო ხუტურიძე, რომელიც აწარმოებს ხმელ კალტს. მან შექმნა საკუთარი ყველის სახეობა, სახელწოდებით „ხუტური“ და 2014 წელს იტალიაში ფესტივალზე წარადგინა ხმელი კალტი და აიღო საუკეთესო პროდუქტის ჯილდო. „ვაწარმოებთ როგორც თუშურ გუდის ყველს, ასევე თუშური ხაჭოსგან დამზადებულ ხმელ კალტს და ცოტა ნოტიო მდგომარეობაში წარმოდგენილი ხაჭოსგან ყველს, რომელიც უხდება როგორც ღვინოს, ასევე ტკბილ პროდუქციას. საჭიროა ამ ფესტივალის ჩატარება და მოხარული ვარ, რაც მეტი ფესტივალი იქნება, უფრო მეტ პოპულარიზაციას გავუწევთ ჩვენს პროდუქტს“,- აღნიშნავს ვახო ხუტურიძე.
გუდის ყველის მწარმოებლთა შორის იყო ბესო ბახტურიძეც, რომლის ოჯახიც დაახლოებით 30 წელია, რაც თუშეთში საქონლის გუდის ყველს ამზადებს. ბესო „ბახას“ ოჯახის ტრადიციის ახალგაზრდა გამგრძელებელი და სარქალია - უფროსი მწყემსი, რომელსაც მწყემსები ბინაზე ყოფნის დროს ირჩევენ. სწორედ სარქალი აკეთებს გუდის ყველს. ფესტივალზე ბესოს წარმოდგენილი ჰქონდა საქონლის გუდის ყველი და როგორც ის გვეუბნება, აღნიშნული პროექტი მათ ეხმარება სხვადასხვა ბაზარზე გასვლაში, ისინი პოტენციურ კლიენტებთან, მაღაზიებთან, გადამყიდველებთან დებენ კონტრაქტებს და სხვა.
„თუშური გუდის ყველის ფესტივალის“ მნიშვნელობას იქ მყოფი სტუმრების სიმრავლეც ადასტურებდა, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე თბილისიდან - ქვ. ალვანამდე უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტირება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდების წახალისების მიზნით, „თუშეთის განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა მოხალისეების რეგისტრაცია, რომელთაც ფესტივალის დასრულების შემდეგ გადაეცათ სერთიფიკატები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარი ორგანიზატორის, რატი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან „თუშური გუდის ყველის ფესტივალი“ მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს და ყოველ ოქტომბერს გაიმართება.
იხილეთ ვიდეო თუშური გუდის ყველის ფესტივალიდან
სტატია მომზადებულია საგან „ბეჭდური მედიის“ ფარგლებში
ხელმძღვანელი: მაია ტორაძე
გაზეთი „მეექვსელი“ 8 ნოემბერი, 2024წელი
Comments