top of page
  • ლუკა ჩანგელია

გამჭვირვალობის კანონი საქართველოში: რეაქციები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ



საქართველოში "უცხოური აგენტების" შესახებ კანონის ხელახლა შემოღებამ, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონების მსგავსია, მნიშვნელოვანი მღელვარება და საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. ეს სტატია განიხილავს პოლიტიკურ და სოციალურ რეაქციებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.






"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება და პირველი პოლიტიკური რეაქციები


მმართველი პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, 2024 წლის 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება დააბრუნოს ე.წ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონი პარლამენტში.

ეს კანონი მოითხოვს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირდნენ “უცხოური ძალის წარმომადგენელ ორგანიზაციებად” საჯარო რეესტრის შესაბამის ბიუროში.


კრიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამტკიცებდა და დღესაც ამტკიცებს, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიულ პრინციპებს. მიუხედავად პრეზიდენტის ვეტოსი, რომელიც ზურაბიშვილმა კანონს მესამე მოსმენის შემდეგ დაადო,  "ქართულმა ოცნებამ", კანონპროექტი მაინც დაამტკიცა, იმ მთავარი არგუმენტით, რომ  გამჭვირვალობა გაიზრდება და უცხო გავლენა ქვეყანაზე შემცირდება.


რა რეაქცია ჰქონდა ხალხს?






კანონის ხელახალმა შემოღებამ გამოიწვია მასშტაბური პროტესტები თბილისში, იმაზე მწვავე, ვიდრე ეს 2023 წლის მარტში იყო. ათიათასობით ქართველი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გამოვიდნენ თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში, ევროკავშირის დროშებით და მთავრობის მიმართ ანტირუსული ლოზუნგებით.




 პროტესტების დროს მოხდა პოლიციასთან დაპირისპირება და მათ შორის მტკივნეული ინციდენტებიც. მხოლოდ ერთ აქციაზე ძალოვანებმა 50-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს.





გამოიკვეთა ძალადობა აქციის მონაწილეების მიმართ. პოლიტიკოსების დაპატიმრება და მათთვის ფიზიკური ზიანის მიყენება. მაშინ, ადვოკატები ამბობდნენ იმასაც, რომ ნაცემი იყო არაერთი აქციის მონაწილეც. 



ევროპის კავშირი


ამ ყველაფრის ფონზე არ დააყოვნა კრიტიკამ დასავლეთიდან, ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა კანონის შემოღება. ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, განაცხადა, რომ კანონი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას -  დემოკრატიისთვის აუცილებელ ორ კომპონენტს.


ევროკავშირმა აღნიშნა ისიც, რომ ეს კანონი სერიოზულად აზიანებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ასეც მოხდა, მოგვიანებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დროებით შეჩერდა.


გაწევრიანების პროცესთან ერთად შეჩერდა მსხვილი მხარდამჭერი პროგრამებიც. ამის შესახებ საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილიც:

 “მცირე და მიკრო ბიზნესის დაფინანსებაც პრაქტიკულად შეწყვეტილია, რა მიმართულებითაც ჩვენ მომავალი წელიწად ნახევრის განმავლობაში დასავლელი პარტნიორებისგან ველოდებით 250 მლნ ლარის პირდაპირ მცირე და მიკრო ბიზნესების დახმარების მიზნით.”

ასევე შეჩერდა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენდა. მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ სანქციებსა და ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებაზეც. 


ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დასავლელი პარტნიორები


რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მკაცრად გააკრიტიკა კანონი. ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ “გამჭვირვალობის კანონი” კრემლის მიერ არის შთაგონებული და ის სამოქალაქო საზოგადოების აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად.

2024 წლის ივლისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 30-მდე ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. შეჩერდა საქართველოსა და ნატოს ერთობლივი წვრთნები “ღირსეული პარტნიორი 2024”. 

 


დღემდე მწვავე განცხადებები კეთდება მეთიუ მილერისა და სხვა წამყვანი პირების მხრიდან.


ხაზი ესმება სამომავლო გეგმებს, რომელიც ქართველ ხალხს კი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ უკავშირდება. 


ამერიკა აპირებს ურთიერთობების გადახედვას და ფინანსების სხვა მიმართულებით გადამისამართებას. 


ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი ისიც არის, რომ 9-10 ივლისს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ეწვია.






მან თბილისში მედიასთან საკმაოდ კრიტიკული განცხადება გაკეთა და საქართველოს ხელისუფლებას 3 ძირითადი მესიჯი გააცნო.


პირველი, შეერთებული შტატები სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, ავნებს ჩვენს პარტნიორობას და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს. ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონი ავნებს ქართველ ხალხს, მათ შორის აქტიურ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიასა და ბევრ სხვა რამეს. შედეგად, ევროკავშირმა გაყინა დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ესკალაცია თანაბრად საგანგაშოა. მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის და ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება.




ჩემი მეორე მესიჯი ის არის, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია. როგორც ქართველებმა ძალიან კარგად იციან, 16 წლის განმავლობაში რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას, არ ასრულებს 2008 წლის 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. დღეს მამაც ქართველ ქალებს შევხვდი, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირები არიან პუტინის აგრესიის შედეგად, ტანჯვისა და გამძლეობის შესახებ მათი ისტორიები მოვისმინე. აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ ასობით ათასი იძულებულით გადაადგილებული ქართველის ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველყოფის მხარდაჭერას ჩემი მესამე და ბოლო გზავნილი იყო ის, რომ 32 წელზე მეტია აშშ საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ყველა ქართველის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ქონის უფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მხრივაც. შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, თუმცა, მოლოდინი გვაქვს რომ ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ ნამდვილ კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პროცესს.”

რა პოზიცია აქვს რუსეთს?


მიუხედავად პარტნიორების მხრიდან კრიტიკისა მსოფლიოში არსებობს ერთი ქვეყანა, რომელიც მიესალმება ახალი კანონის მიღებას. ჩვენდასამწუხაროდ ეს მეზობელი რუსეთია, რომელმაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს ამ ნაბიჯს მისასალმებელი უწოდა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს კანონი სუვერენული გადაწყვეტილებაა და უცხოელების ჩარევისგან დაცვას ემსახურება. ეს პოზიცია ემთხვევა რუსეთის სტრატეგიას საქართველოს მიმართ გავლენის გასაზრდელადაც. 



რა კავშირშია მიმდინარე მოვლენებთან ოქტომბრის არჩევნები


ქვეყანაში დღეს მიმდინარე მოვლენები უფრო წევს წინასაარჩევნო ტემპერატურას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტისთვის. 


ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერით პარტიებისთვის. პოლიტიკური გარემო მაღალი ჩართულობით ხასიათდება, ჩამოყალიბდა სხვადასხვა ოპოზიციური კოალიციები "ქართული ოცნების" დომინანტობისთვის გასამკლავებლად.


არჩევნების შედეგბს ელოდება და აკვირდება დასავლეთიც. ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი მოცემულობა, რაც მომავალში პარტნიორებთან ურთიერთობის რეალურ სურათს ჩამოაყალიბებს.  იმავეს ფიქრობს პარლამენტია წევრი თეონა აქუბარდიაც -

“მოწოდება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე შესაძლებელია რეალობად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის არჩევნები არ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" მხრიდან ხალხის ხმა გაგონილი არ იქნება.”

რა დასკვნამდე მივიდა საზოგადოება?


საბოლოოდ, "უცხოური აგენტების" კანონი საქართველოში ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის კრიტიკულ მომენტს წარმოადგენს. მასობრივი შიდა წინააღმდეგობა და საერთაშორისო კრიტიკა ხაზს უსვას კანონის საკამათო ბუნებას და მის პოტენციურ გავლენას საქართველოს პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ყოველდღიურობაზე.



7 views0 comments

Comments


bottom of page