ნარკოპოლიტიკის ქართული და გერმანული მოდელი
ფრთხილად ეს ბერგჰაინია! გერმანიის პროვინციულ ნაწილში, საკულტო ტექნო კლუბ ბერგჰაინის მთავარი ფასადის შუა ნაწილში შენიშნავთ წარწერას რომელიც სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. ეს არის ადგილი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის, ვისაც იზიდავს სიბნელე, მისტიკა, ინტიმი და რაღა თქმა უნდა საკლუბო ნარკოტიკი. სწორედ, ეს უკანასკნელი მოიაზრება გამაფრთხილებელი შეტყობინების ფაქტორად. ბერგჰაინი მსოფლიოში სახელგანთქმული ღამის კლუბია, სადაც ბერლინური მრავალფეროვნება სინთეზირდება შუაღამის იდუმალებასთან. ღამის კულტურის შეუცვლელი კომპონენტები მნიშვნელოვან ზეგავლენას უმეტესწილად ადამიანის ემოციურ ნაწილზე ახდენს. გერმანული სახელმწიფოს ლიბერალური ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე, უცხო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საკლუბო სივრცეში მძიმე ფსიქოაქტიური ე.წ „დრაგის“ მიღებაც არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. დროა ფარდა ავხადოთ ყველა იმ სტერეოტიპს, კლიშესა თუ დოგმას რომელიც ღამის გართობასთან არის დაკავშირებული. ბერგჰაინი ქაოსური და ორგანულია, წითელი ხაზების არარსებობა გარკვეულწილად საინტერესოდაც აღიქმება, რადგან ფსიქოტროპული ნარკოტიკით გარდაცვალების შემთხვევა კლუბის ისტორიას არ ახსოვს. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ საზოგადოებამ გამონახა კონსოლიდირებული გზა უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ნარკოტიკული საშუალებების რომანტიზება, თუმცა ინფორმაციის მიღების კრიტიკულ აუცილებლობას ქმნის საგანგაშო რეალობა რომელიც თბილისს 2022 წლის ივნისს ეწვია. რა ხდება მიწისქვეშეთში?
აკრძალულ თამაშს დღემდე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კლუბური ნარკოტიკის უფრო და უფრო ნაკლები პროცენტია რეალურად ის, რაც მომხმარებელს ჰგონია. მხოლოდ სექტემბრის თვეში შემოწმებული 50 ნარკოტიკული საშუალებიდან, რომელიც MDMA ეგონათ 49 მეფედრონი აღმოჩნდა. „მკვლელი მარილი“ ასე უწოდებენ სტიმულატორს, რომელსაც მეფედრონის სახელით ვიცნობთ. ცოტა რომ გავამარტივოთ, MDMA არის კრისტალური ან ფხვნილის სახით წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ეფექტი 98%-ით გამორიცხავს ფატალურ შედეგს. რაც შეეხება, მეფედრონი არის სტიმულატორი, რომელიც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფს მიეკუთვნება და მიუხედავად მისი ვიზუალური მსგავსებისა MDMA-სთან, საერთო არ აქვს, მას ახასიათებს სუფთა ნარკოტიკული საშუალებისგან გასხვავებული კრიტიკულად შეუსაბამო ეფექტი როგორიც არის მძიმე ინტოკსიკაცია და სიკვდილი.
ბერგჰაინის პარალელურად გადმოვინაცვლოთ ბასიანზე, რომელიც ქართული თუ მსოფლიო ელექტრონული მუსიკის ჰაბად ჩამოყალიბდა. ზემოთ ვისაუბრეთ ბერგჰაინში არსებულ უსაფრთხოების იმ უმაღალ სტანტარტებზე რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა ხდება ბასიანზე? მე იმ იშვიათ გამონაკლის მივეკუთვნები, რომელიც მოცემულ ვითარებაში ბასიანის პასუხისგებლობას ვერ ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია, კატეგორიულად ვგმობ და არ მივესალმები კლუბის დადანაშაულებას და უსაგნო შავ პიარს. „არაკეთილსინდისიერი დილერები“ ასე უწოდებენ მკვლელებს, რომლებიც სიმძლავრის გასაზრდელად, იმგვარ ოპიოდურ ნივთიერებებს იყენებენ, როგორიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საშიში ოპიოიდი სახელად ფენტალინი. ოქროს წესი: არ გამოართვა ან იყიდო გაურკვეველი აბები ან ფხვნილი ბიძიასგან, რომელიც საპირფარეშოსთან ბოლთას სცემს. ასეთი გამყიდველების ნდობა არა თუ რეკომენდირებული არაა, არამედ პოტენციურად ძალიან სახიფათოც არის. ცნობიერების დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და სიკვდილი, ამგვარად ვითარდება ფენტალინისა და მეფედრონის მიღების შემდგომი ეტაპები.
ხშირად გვსმენია არაინფორმირებული საზოგადოების პოზიცია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც არანაკლებ ზიანს აყენებს იმ ახალგაზრდების ჯანმრთელობას, ვიდრე არაკეთისლინდისიერი ბიძია. განგებ, წინასწარ ქაოსის შექმნისთვის განზრახული დეზინფორმაცია და არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია ქმნის იმ რეალობას, რის გამოც ღამის კლუბების მოყვარული ახალგაზრდების ცხოვრება ტრაგიკულად სრულდება. ზემოთ ვახსენეთ ბერგჰაინი, სადაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალური მონაცემებით 0-ის ტოლია. გერმანული მიდგომა არის ლიბერალიზმისა და ეფექტური ნარკოპოლიტიკის თვალსაჩინო მაგალითი. ისინი საუბრობენ მარიხუანაზე, მორფინზე, ექსტაზზე და ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რაც თანამედროვე, ცივილური სამყაროსთვის ძალზედ ბუნებრივია. ქართული ნარკოპოლიტიკა არის სიცრუეზე აგებული სტერეოტიპული ზეპირსიტყვიერება, რომელიც პერმანენტულად რეგრესირდება. ქართული ნარკოპოლიტიკა ჰუმან რაით ვოჩის" ანგარიშში ზედიზედ მეორედ მოხვდა. დოკუმენტში საუბარია ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე და განუხორციელებელ რეფორმაზე. ანგარიშში წერია „ხელისუფლებამ მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს დაედგინა ნარკოტიკების მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომა, აღეკვეთა მიწისქვეშა ლაბორატორიებში წარმოებული სიკვდილი, რა მივიღეთ? დაკანონებული უკანონობა რომელიც კლავს!
სუბსტანციური დამოკიდებულების აშლილობა იგივე ნარკოდამოკიდებულება არის დაავადება, რომელიც მომხმარებელს აკარგვინებს უნარს მოხმარებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკები აკონტროლოს, გარდა ამისა ნარკოტიკი ახდენს გავლენას ადამიანის ქცევაზე.
პრობლემებზე, რომლებიც ნარკოდამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაში იჩენს თავს, საუბრობს ორგანიზაცია მანდალას დამფუძნებელი თემო ხატიაშვილი.
(მანდალას მიზანია, ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია ჯანმრთელობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ და მისცეს მათ საშუალება, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.)
“ცოცხალი მაგალითები უამრავი მქონდა, მათ შორის უბნიდან, სამეგობროდან, სანათესაოდან რომლებმაც წამლის კეთება დაიწყეს და დაენგრათ ცხოვრება, მიუხედავად ამისა მეგონა რომ იგივე გამოცდილება მე არ მექნებოდა. მაინტერესებდა რა იყო სტიმულატორი, რომელიც ამდენ ადამიანს მათთვის გამორჩეულ სიამოვნებას ანიჭებდა“ აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ვახომ დაიწყო ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება საზოგადოებაში და გარემოში არ იყო სათანადო ინფორმაციები კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების შესახებ. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ჩამოეყალიბებინა ზემოთხსენებული ორგანიზაცია. „ჩემს ბავშვობაში საქართველო ცხოვრობდა კოლექტიურად. ნარკოტიკი დამეხმარა უბნური რუტინისგან თავის დაღწევაში. როცა მოხმარებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, რასაკვირველია თავი იჩინა ჯანმრთელობის პრობლემებმა და უმძიმესი იყო ფსიქოლოგიური ფონი, რომელმაც ფაქტობრივად წერტილი დასვა“.
ჯანსაღი გარემოს შექმნა და მისი შენარჩუნება ერთ-ერთი გამოსვალია ნარკომანიისგან თავის დასაღწევად. მძიმე სოციალური ფონი ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ადამიანმა დაიწყოს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, ამ შემთხვევაში მომხმარელისთვის ეს ერთგვარი დაცვის მექანიზმია. ის გაურბის მძიმე რეალობას, რომელიც თავისი არსით დეპრესიულ ფონს ქმნის და პიროვნების სურვილს გაექცეს არასასურველ სიცხადეს არსებითად ვითარდება. ასეთ დროს უნიშვნელოვანესია საკუთარი თავის კონტროლი და მაქსიმალური ინფორმაციულობა მოხმარებასთან და შესაძლო მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით. აუცილებელია ადამიანმა მართოს დოზა და სიხშირე, რაც შეძლებისდაგვარად აარიდებს ფატალურ შედეგს.
დისკომფორტი, ემოციური სტრესი, ხანგძლივი დეპრესია ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც შეიძლება ნარკოტიკების მოხმარების მიზეზად დასახელდეს. გამოსავალი არც თუ ისე მარტივია, თუმცა ყოველთვის არსებობს გზა თავის დასაღწევად. მნიშვნელოვანია შესაბამისი დახმარების მოძიება, ოჯახის, ახლობლების და საყვარელი ადამიანების არსებობის შემთხვევაში მათი მხარდაჭერა.
Comments