top of page

შეუსრულებელი 5-წლიანი დაპირება:ვინ ააშენებს საბავშვო ბაღს?

  • არმაზ შავიძე
  • Jun 11
  • 3 min read

N14 საბავშვო ბაღის ტერიტორია ილორის ქუჩა
N14 საბავშვო ბაღის ტერიტორია ილორის ქუჩა
გზა ილორის ქუჩიდან იპოლიტ-ინგოროყვამდე

29 წლის თიკო 3 წლის ელენესთან ერთად სახლდან დილის 8 საათზე გადის. ჩქარობს, რადგან ილორის ქუჩაზე მდებარე ქსელურ მარკეტ „მაგნიტში“ დილის 9 საათზე უნდა მივიდეს, სალაროს გასახსნელად კი 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. გადასაადგილებლად ავტობუსს ვერ იყენებს, რადგან სარაჯიშვილის გამზირი ამ დროისთვის ყოველთვის გადატვირთულია; ორი ნომერი ავტობუსი, რომელსაც 5 წუთში შეუძლია N14 საბავშვო ბაღამდე მივიდეს, 10 წუთის შუალედით დადის, ამას თან ერთვის მგზავრთა დიდი რაოდენობა, რაც 3 წლის ელენესთვის არაკომფორტულია. ახალგაზრდა მშობელი ფეხით სიარულს აგრძელებს.


ილორის ქუჩიდან მიხეილ იპოლიტოვ-ინგოროყვას ქუჩამდე დაშორება 950 მეტრია. სახლიდან ბაღამდე ფეხით მიმავალ მშობელსა და შვილს გზაში 20 წუთი ეხარჯება. უკან რომ დაბრუნდება, ისევ ფეხით, ამასობაში 40 წუთი გავა. სამსახურში ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. მისთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ ბაღი ახლოს ჰქონოდა. იყო კიდეც, მაგრამ დაანგრიეს. ახლა დროისა და ენრგიის ხარჯვა ორმაგად უწევს. 1900 მეტრის 40 წუთში დაფარვის შემდეგ კი მთელი დღე, საღამოს 5 საათამდე ცვლაში უწევს მუშაობა. N14 ბაღი რომ არ დაენგრიათ და იმავე ტერიტორიაზე დაეტოვებინათ, საკითხი გამარტივდებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ილორის ქუჩიდან ბაღამდე დაშორება 48 მეტრია, ზუსტად 3 წუთში შეეძლო თიკოს შვილის ბაღში მიყვანა.


ირგვლივ აღარაფერია - მხოლოდ დაჟანგული ატრაქცონები, დამტვრეული საქანელები, უსწორმასწოროდ ამოსული ბალახი და სხვადასხვა ტიპის საკვები ნარჩენი... მყარად მხოლოდ ეზოსა და საბავშვო ბაღის გალავანი დგას, რომელსაც აქა-იქ შეჰპარვია ბზარები, თუმცა მისი დანგრევა არავის მოუფიქრებია.  

5 წელია ამ ქუჩაზე ბავშვების ხმაურს ვეღარ გაიგონებთ, რადგან N13 და N14 ბაღები ავარიული მდგომარეობის გამო დემონტაჟს დაექვემდებარა.


2020 წელი
2020 წელი

2008 წლიდან დღემდე ეს ტერიტორია თბილისის თვითთმმართველი ერთეულის საკუთრებაა. ამ არასასოფლო-სამეურნეო ტიპის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი 3400 კვ.მ-ია ბაღის შენობას ექსპერტიზა 2 წლის წინ ჩაუტარდა და დადგინდა, რომ საბავშვო ბაღის ფუნქციონირება საფრთხის შემცველი იყო, რისშემდეგ ბაღის კონტინგენტი ალტერნატიულ ფართშიგადავიდა დადაიწყო მუშაობა პროექტირებაზე. რაც შეეხება დემონტაჟს, შემსრულებელი კომპანია თბილისის ქონების მართვის სააგენტომ აუქციონის გზით გამოავლინა. ახალი ბაღის მშენებლობა ამ მისამართზე 2021წლიდან იგეგმება“. -აღნიშნავს კობა კობალაძე თბილისის ავჭალის მაჟორიტარი 2016-2020 წლებში.

ყოველწლიურად როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნების დაპირების მთავარ თემა ამ ორი ბაღის აშენებაა, თუმცა - ამაოდ. ფუჭ დაპირებებს მოქალაქეები შეეჩვივნენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი. 2025 წელი
საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი. 2025 წელი

„ერთხელ გამოიარონ, ნახონ, რა სიტუაციაა, რას ჰგავს გზა, პარკი აღარ გვაქვს, ბაღიც დაანგრიეს... ყურადღების მომქცევი აქ არავინაა“- ამბობს ილორის ქუჩაზე მცხოვრები, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. ბაგა-ბაღის აშენების დაპირებებს რომ თვალი გადაავლოთ, ასე გამოიყურება:

  • 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდის კამპანია,

  • 2022 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,

  • 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

  •   2025 წლის იანვარი.

ბაღის გვერდით ტერიტორია თბილისის მერიამ 2023 წელს ოფიციალურად გადმოიფორმა. აქაც ანალოგიური სიტუაციაა, დაბზარული ბეტონის ფილები, სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები და დაჟანგული ატრაქციონები - ირგვლივაა მიმოფანტული. მედგრად დგას რამდენიმე ათეული წიწვი, რომელიც, როგორც ჩანს, ადგილიდან წასვლას არ აპირებს... ჯერჯერობით ადგილზე არც რაიმე ტიპის საინფორმაციო ბანერია, არც სამუშაოები დაწყებულა და მეტიც, მოქალაქეებიც კი არავის გაუფრთხილებია... ამბობენ, თითქოს ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსს ააშენებენ, თუმცა ადგილობრივები ამ იდეას ეწინააღმდგებიან, „აქ ისევ ბაღი უნდა აშენდეს, საცხოვრებელი კორპუსის ადგილი აქ არ არის“...


10 წლის გიგი ახლაც პარკში თამაშობს. ირგვლივ ბევრი ნაგავია - დამტვრეული მინების, მიტოვებული პოლიეთილენის პარკების, ძირს დაყრილი მზესუმზირის ნაფრცქვენებისა და ლუდის ბოთლის ფრაგმენტები გიგის აწუხებს;

ტრენაჟორებისა და გასართობი საშუალებების ნაკლებობის გამო კი თითქმის ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის და ბურთით ხელში დანგრეული ბაღის ტერიტრიაზე მეგობრებს ეძებს. ყველა „ჩაის პარკშია“. ეს კეთილმოწყობილი პარკი კი შორსაა, „მშობლები სახლში გვიანობამდე არ მოდიან, ქუჩის გადაკვეთის ნებართვას მხოლოდ ბაბუ მაძლევს, ისიც, თუ ჩემი და-ძმა სახლში იქნება. მარტო არსად მიშვებენ“, - ამბობს და შემდეგ შეკითვას არ ელოდება, ისე გარბის ბურთის სათამაშოდ.



უფრო შორს თუ წახვალთ, დაინახავთ რამდენიმე კერძო, ერთსართულიან შენობას, რომელსაც საწყობის ან უფრო ავტომობლების სადგომად იყენებენ. ირგვლივ რომ არაფერია, ცხადია, მაგრამ სადღაც მიტოვებული სახლის წინ დგას ქანდაკება, რომლიც 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს ეძღვნება. ისტორიის სიმძიმე კარგადაა დეტალიზებული ქანდაკებაში და ჩანს, რომ მოქანდაკეს არ მოსწონს, მისი ხელნაკეთი ასეთ გავერანებულ ადგილას რომ მოხვდა. "ასე არ შეიძლება..." ამბობს გიორგი ჭუმბურიძე.


ავტომობილების სადგომად გადაკეთებულ დაახლოებით 20 კვ.მ ფართობის შენობაში გიორგი ქანდაკებებს ამზადებს. „როგორ შეიძლება ამ სივრცეს დღესაც ერქვას პარკი, ჩემი მეუღლის ხელნაკეთ ნივთებს აქედან პრინციპულად არ ავიღებ... ზოგადად დღეს საქართველოში ქანდაკებებს არ აფასებენ... ეს ჩანს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოკიდებულებაშიც“. - ამბობს გორგის მეუღლე. მას რუსეთში კარიერის გაგრძელებასა და იქ ცხოვრებას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა „პატრიოტი ვარ და ამიტომო“. ახლა, როცა ასეთ სიტუაციაში თავის ხელნაკეთებს ხედავს წუხს, მაგრამ სიტყვებით ამათ არ გადმოსცემს, მხოლოდ უკმაყოფილო, ოდნავ სევდიანი მზერით გასცქერის ჩრდილში შეფარულ ქანდაკებებს. გლდანის გამგეობამ ეს ტერიტორია დემონტაჟის შემდეგ სამშენებლო ნარჩენებისგან სრულად გაასუფთავა. მას შემდეგ ყველა - გამვლელი თუ გამომვლელი - საკუთარ ნაგავს მიტოვებულ ტერიტორიაზე ყრიდა „აქ ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა, კორპუსებში ნაგვის სუნი იდგა, ვინც ახლოს ვცხოვრობდით, ჩვენ, მოქალაქეებმა, 15-15 ლარი ავაგროვეთ და დამლაგებელი მოვიყვანეთ, რათა გაესუფთავებინა ადგილი, უკვე მესამედ მოგვყავს კერძო დამლაგებელი“, - ამბობენ სარაჯიშვილის ქუჩაზე ადგილობრივები.


ყოველდღიურად ამ ქუჩაზე მაცხოვრებლებს უწევთ დანგრეული ბაღისა და განადგურებული პარკის გავლა... ბაგა-ბაღი კიდევ დიდხანს არ აშენდება, 29 წლის ახალგაზრდა მშობლის მსგავსად, კიდევ ბევრ დედას მოუწევს შვილის ხელით წაყვანა  კერძო ან საჯარო ბაღში, რომელიც საცხოვრებლისგან შორსაა. გიორგიც კიდევ ბევრ ქანდაკებას დაამზადებს, მაგრამ სახლის წინ ამორტიზებულ პარკში მათ დადგმას ხელოვნების ნიმუშს ვეღარ აკადრებს...





არმაზ შავიძე - მომზადებულია საგან "წერითი კომუნიკაციის" ფარგლებში.

 
 
 

Comments


bottom of page