top of page
TSU Media

"ჩვენ უკვე აღარ გვჯერა,ჩვენ უკვე ვიცით"

„შენთან, შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია“, „დინამო, დინამო, დინამო, გამარჯვება ბიჭებო“, „ეს საქართველოა, სა ქარ თვე ლო ა“, „ჩვენ აქ ვართ, ვაჩვენოთ ძალა, ერთად ვდგავართ“.- ეს იმ მცირე საფეხბურთო ფლეილისთის ამონარიდია, რომელსაც ქართველები მარტიდან მოყოლებული დღემდე ვღიღინებთ, სახლში, ქუჩაში, სამსახურსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს ყველაფერი კი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების დამსახურებაა.

ქართველების ზღაპარი 21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართული მატჩით დაიწყო, სადაც 2:0-ით დავამარცხეთ ლუქსემბურგელები. მეორმოცე და სამოცდამესამე წუთზე გატანილმა ბუდუს დუბლმა ქართველებს იმედი მოგვცა და ერთი ნაბიჯით წინ წაგვწია ჩვენთვის სანატრელ ევროპის ჩემპიონატამდე.


შემდეგი იყო 26 მარტი, უცვლელ ადგილას. ამ დღეს ბევრად უფრო მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა სტადიონთან. ძირითადი და დამატებითი დროც უგოლოდ მიილია. ყველაზე მეტი ნერვიულობა ქართველებმა პენალტების სერიის დაწყებამდე გამოვიარეთ, მანამ, სანამ გიორგი ქოჩორაშვილმა პირველი პენალტი არ გაიტანა და მამარდაშვილმა კი ბერძნებს პირველივე კარში დარტყმული პენალტი აუღო. ჩვენ მივხვდით, რომ გამარჯვება ყველაზე ახლოს ჩვენთან იყო და ასეც მოხდა, საბოლოოდ, ნიკა კვეკვესკირის ზუსტად დარტყმულმა პენალტმა ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანა.

მერე უკვე დაიწყო თითოეული ლარის გადადება გერმანიაში წასასვლელად. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ უამრავი ქართველი წავიდა გერმანიაში, რამაც ბიჭებს კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა.


პირველი თამაში 18 ივნისს, დორტმუნდში თურქების წინააღმდეგ გვქონდა, სადაც სამწუხაროდ დავმარცხდით, თუმცა ამან გულშემატკივარი უკან არ დახია. 22 ივნისს, ჰამბურგში ჩეხების წინააღმდეგ გამართულ მატჩზე, ქართველი ქომაგების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, ეს თამაში კი ფრედ დასრულდა. დიდმა ნერვიულობამ მოიცვა ქართველები ამ თამაშის მერე, რადგან წინ პორტუგალიასთან თამაში გველოდა. საქართველოს ნაკრებისთვის დაუმარცხებელი გუნდიც კი შესაძლებელია რომ დაამარცხო. პირველივე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლმა სულ ჩამოშალა ჩვენი ნერვიულობა და გიორგი მიქაუტაძის კარში დარტყმულმა ზუსტმა პენალმა კი კიდევ ერთხელ დაგვაჯერა, რომ ზღაპრის ბოლო მართლაც კეთილია. ყველაზე მეტად რომელი მეტოქისაც გვეშინოდა სწორედ ის დავამარცხეთ და გავედით მერვედფინალში.

მერვედფინალში კი ნამდვილად ძლიერი მეტოქე- ესპანეთი შეგვხვდა, (რომელიც ევროპის 2024 წლის  ჩემპიონატის გამარჯვებულია) რომელთანაც დავმარცხდით, მაგრამ ჩვენ, ქართველები, დამარცხებითაც მოგებულები ვიყავით. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, თანაც მერვედფინალში გავედით.


ამ ერთი თვის მანძილზე ბევრი მოგონებები შევაგროვეთ, რომელსაც წლების შემდეგ შვილიშვილებს აუცილებლად მოვუყვებით. არ შემიძლია არ გამოვყო პირველი არხის სპორტული ჟურნალისტის, გიგა გვენცაძის ემოციური შეძახილი - „მიდის სანახავად“, რომელიც ძალიან ბევრ ქართველს ტატუს ინსპირაციის წყაროდაც ექცა.







„მარტის თვეებში რაც მოხდა ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან თამაშისას, მთავარი, რაც ჩვენმა გუნდმა მოახერხა, იყო ის, რომ წლების მანძილზე დაგროვებული არასრულფასოვნების კომპლექსი და დამარცხებულის სინდრომი დაამარცხა. 30 წელი ვეძებდით და როგორც იქნა გამარჯვებულის მენტალიტეტს მივაგენით.

ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ უცნობი თუ ნაცნობი ადამიანების მხრიდან და ეს დიდი ბედნიერებაა, მინდა მადლობა გადავუხადო მათ.“- გვითხრა საუბარში გიგა გვენცაძემ.



ყველაზე დიდი და თავდაუზოგავი შრომა მართლაც ფეხბურთელებმა გაწიეს, მათ შეძლეს და ტრიბუნიდან წაგების გამო გაქცეული მაყურებელი უკან მოაბრუნეს ; ვისაც აქამდე ფეხბურთის არაფერი ესმოდა, გაარკვიეს და რაც მთავარია, ქართველები ერთი მიზნით გააერთიანეს.


ცენტრალური მცველის, გიორგი გველესიანის ამბავი მეტაფორაა, იმის თუ როგორ შეიძლება ადამიანმა დაისახო მიზანი და დაუღალავი შრომით მიაღწიო შედეგს. 32 წლის ასაკში აუხდა მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება და ის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.


„რა თქმა უნდა პირველი შეხვედრა გაცილებით რთული იყო, გარკვეული შიშის ფაქტორიდან გამომდინარე, როცა ეს შიშის ფაქტორიც გადავლახეთ, თავში რწმენაც, თვითდაჯერებაც მოვიდა. ჩვენ ჩვენი ძალების ვირწმუნეთ და ჩვენი მენტალიტეტი და ხასიათი გამოვავლინეთ.


ჩვენი ქართველი გულშემატკივარი ნამდვილად გამორჩეული იყო ევროპის ჩემპიონატზე, ისინი ანათებდნენ სტადიონზე. მათი წვლილი ჩვენს წარმატებაში უდიდესია. შემდეგ უკვე, როცა ჩამოვედით და ქართველმა გულშემატკივარმა ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, რუსთაველის გამზირები გაავსო, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ნათელ წერტილად დარჩება.“ -გვითხრა გიორგი გველესიანმა.


რა თქმა უნდა, ქართველები ამ მოგებამ კიდევ უფრო შეგვაგულიანა და მოთხოვნილებებიც მეტი გაგვიჩნდა ეროვნული ნაკრების მიმართ. დადებითის მიღმა,  უარყოფითი პრობლემებიც არსებობს, რომელსაც ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. საინტერესოა, რას ფიქრობენ ჩვენი რესპონდენტები ამ საკითხზე?!


„ასეთი წარმატების შემდეგ საჭირო მისი შენარჩუნებაა. როცა ევროპის ჩემპიონატზე გადიხარ, შენს თავთან, ფეხბურთელებთან, გულშემატკივართან, რა თქმა უნდა მოთხოვნაც იზრდება. კარგად ვიცით, დარწმუნებულებიც ვართ, და უკვე ვფიქრობთ, რომ დადებითი წნეხი იქნება ჩვენთვის, როცა მაყურებელი ჩვენ მეტს და მეტს მოგვთხოვს.“- გვითხრა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის თანაშემწემ, ზურა ხიზანიშვილმა.



„ნუ დაგვავიწყდება, რომ წინ სექტემბრის თამაშები გვაქვს. ბევრი რამაა განსავითარებელი, როგორც ტექნიკურ ასპექტში, ასევე სხვა ბევრ სხვადასხვა ასპექტებში.  ამაზე ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებიც შემოგვემატებიან და დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგს გამოიღებს. ჩვენ ამაზე გაჩერება არ გვინდა, იმიტომ რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ.“ - გიორგი გველესიანი.



„ჩვენი ნაკრების წინსვლა რა თქმა უნდა გაგრძელდება და უფრო შორეულ პერსპექტივაზე თუ ვიფიქრებთ, ჩემი აზრით აუცილებელია კიდევ უფრო მეტი საბავშვო საფეხბურთო სკოლები და აკადემიები.“ - გიგა გვენცაძე.

წინ დიდი გზაა, ჩვენი ევროპული ზღაპარი აქ არ მთავრდება, სექტემბერში ახალი ძალებითა და ენერგიებით დაუბრუნდებიან ჩვენი ფეხბურთელები სტადიონებს, ჩვენ კი - ტრიბუნებს. ისევ ვიმღერებთ და ვუქომაგებთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მჯერა, ჩვენი ბიჭები კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებენ, რომ ზღაპრის ბოლო მართლაც კეთილია.


ავტორები: სალომე ჩაჩიბაია, ელენე ჩიგოშვილი, თამთა ჭანტურია, მარიამ გაფრინდაშვილი




Comentarios


bottom of page