იპოდრომის ცენტრალურ ნაწილზე ოთხი წლის განმავლობაში ხელუხლებელი მიწაყრილებია დატოვებული, ზედ ამოსული და უკვე გამხმარი ბალახით. ალაგ-ალაგ დიდი სატვირთო მანქანა თუ ჩაივლის; ისიც საკითხავია, მოძრაობის გარდა რას აკეთებს. გარშემო დეკორატიული ხეები და ყვავილებია დარგული, ბუნებრივ მცენარეებს კი განადგურებას უპირებენ. ტყის ტერიტორიაზე ერთი პატარა ნაგვის ურნა დგას და დასუფთავების სამსახურიც არ მუშაობს.
14 ივნისს თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა იპოდრომის ტყეში ზონალურ ცვლილებებს, რაც ამ ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებას გულისხმობს. კერძოდ, საუბარია 80 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრზე შვიდი შენობის განთავსებაზე. პროექტის ინიციატორი „ვისოლი ჯგუფთან“ დაკავშირებული შპს „ცენტრალ პარკ ავენიუა“. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის ნაწილი, რომელმაც 19 ივნისს სამოქალაქო მოძრაობა „იპოდრომი - უბეტონო მხარის“ ორგანიზებით საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გამართა.
ფოტოები: "რადიო თავისუფლება", სალომე ჩადუნელი
იპოდრომის ტყე მიხეილ თამარაშვილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ცენტრალური პარკი მას აღმოსავლეთით ესაზღვრება. პროექტის მიხედვით, გარდა ცათამბჯენებისა, რომელთა სიმაღლე 21 სართულიდან 79-ამდე მერყეობს, ტერიტორიაზე 5500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოეწყოს. ამდენად, სივრცე ორ ნაწილად იყოფა. პირველ მიწის ნაკვეთს სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები დაიკავებს, მეორეზე კი მეტი ყურადღება დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს დაეთმობა.
იპოდრომის ტყე (ვიდეო)
იპოდრომზე დაგეგმილი მშენებლობების რენდერები
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც პროექტმა მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, იპოდრომის ტყის მახლობლად მცხოვრებთა ყოველდღიურობაა. სეირნობა, თამაში, წიგნის კითხვა, ვარჯიში, ერთმანეთთან კომუნიკაცია - მალე ამ ტერიტორიაზე უცვლელი ფორმით ჩამონათვალიდან მხოლოდ უკანასკნელიღა იქნება შესაძლებელი. ისიც, ალბათ, მიწის ზემოთ - 21-ე ან 79-ე სართულზე, ერთი აივნიდან მეორეში.„ამ ყველაფრით იზღუდება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლება, ჰქონდეთ სარეკრეაციო სივრცე, სადაც შეძლებენ დასვენებას ჯანსაღ გარემოში. უამრავი ადამიანი ყოველდღიურად ვარჯიშობს, სეირნობს, შინაურ ცხოველებს ასეირნებს, ასევე, ფეხბურთისა თუ რაგბის სხვადასხვა კლუბი ვარჯიშობს. არავინ არ გაითვალისწინა ეს“, - ამბობს აქტივისტი ელენე ცერცვაძე, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა „იპოდრომი - უბეტონო მხარესთან“ ერთად იპოდრომის ტყის ცათამბჯენებით ჩანაცვლებას სამი წელია აპროტესტებს. მისი თქმით, საკრებულომ აღნიშნული საკითხი მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ჩართვის გარეშე გადაწყვიტა. ეს მაშინ, როცა სამეზობლო თემმა ურბანული კომისიის თავმჯდომარისგან მიიღო პირობა, რომ საკრებულოში განცხადების შესვლისთანავე დაუკავშირდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს საკითხის მათთან ერთად განსახილველად. „პერიოდულად ვურეკავდი სიახლეების გასაგებად, მაგრამ არაფერი უთქვამთ. მერე კი ისე, რომ არავის არაფერი გააგებინეს, თვითონ ნახევარ საათში მიიღეს ეს გადაწყვეტილება“, - იხსენებს ცერცვაძე.
ელენე ცერცვაძის კომენტარი ვრცლად
გადაწყვეტილება ზონალურ ცვლილებას გულისხმობს. განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად, იპოდრომის ტყის ტერიტორიაზე, რომელიც სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს, დაუშვებელია ნებისმიერი სახის მშენებლობა, განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდისა თუ დეკორატიული გაფორმების ობიექტების გარდა. საკრებულოს მიერ ზონალური ცვლილების მხარდაჭერა კი იმ აკრძალულ მშენებლობას უხსნის გზას, რომელიც ქალაქში სატრანსპორტო კვანძების კიდევ უფრო მეტად დატვირთვას გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ გარემოზე პროექტის გავლენის დასადგენად 2016 წლის მონაცემებით ხელმძღვანელობენ. „8 წლის წინ ქალაქში რა მდგომარეობა იყო, ამის მონაცემი აქვთ აღებული, რაც არანაირად არ არის ადეკვატური“, - გვითხრა პარტია „ახალის“ წევრმა, ანა გოგოლაძემ.
იპოდრომის გარდა, მასთან ახლოს, ე.წ. ყოფილი „ზაკოს“ ტერიტორიაზეც რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ორი ცათამბჯენის მშენებლობის ამბავიც უკვე ნაცნობი სცენარით განვითარდა: სარეკრეაციო ზონის ნაცვლად 33 447 კვადრატული მეტრის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიანიჭა საკრებულომ და რეალურად დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეში მშენებლობის აკრძალვის კანონს ასე აარიდა თავი. თავიდან იპოდრომის ტერიტორია იყო ახლანდელი „დომუსის“ M2-ის კომპლექსიც. ელენე ცერცვაძე მოვლენების ასე განვითარებაში ერთადერთ შედეგს ხედავს: „ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა მუდმივად არის საცობებით დატვირთული. ექვსი ცათამბჯენი საერთოდ გაუვალს გახდის აქაურობას. ურბანული კონტექსტი არასდროს განიხილება ერთ პატარა ადგილზე. თუ დაიტვირთება ეს კვანძი, დაიტვირთება გმირთა მოედანიც, სააკაძის და გაგარინის მოედნის კვანძებიც. ეს ყველაფერი იწვევს უფრო და უფრო დამძიმებულ სატრანსპორტო ვითარებას, მეტ გამონაბოლქვს, საცობს და უფრო მეტი ადამიანის გაუარესებულ ჯანმრთელობას“.
მსგავსი წინასწარი მოლოდინების შექმნის საფუძველს იძლევა სტატისტიკაც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს 11279 ნებართვა გაიცა სულ 9379.2 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ეს კი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.4%-ით მეტია. ნებართვების თითქმის ნახევარი, 49.7% თბილისზე მოდის. ძირითადად, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია 2022 წელთან შედარებითაც.
სავაჭრო ობიექტების, სასტუმროებისა თუ სამრეწველო საწარმოების მშენებლობის ფონზე აღსანიშნავია ისიც, რომ იპოდრომის პროექტში ცათამბჯენების გეგმამდე სამოქალაქო აქტივისტები ტერიტორიაზე პარკის მოწყობასაც აპროტესტებდნენ. მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში ქალაქის ბუნებრივი იერსახის შეცვლაა. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საპარკინგე სივრცეები, 400-ამდე ავტომობილის ბეტონის ბილიკები, კაფე-რესტორნები, საგანმანათლებლო ცენტრი და სხვა სამშენებლო ობიექტები, რაც, მათი აზრით, ტერიტორიის განადგურებას ნიშნავს. ერთმანეთთან ინტერაქციასა და სხვა ყველაფერს აქამდე ბუნებრივ საფარზე ახერხებდნენ. ეს კი გახურებული ჰაერის ცირკულაციას უწყობს ხელს, რათა სივრცემ მუდმივად სიგრილე შეინარჩუნოს. ხელოვნურად დაყოფილ ტერიტორიაზე ეს შეუძლებელი გახდება. პარკების სიმრავლე ტყის ადგილას ცათამბჯენების აშენებას რომ არ ამართლებს, ამაზე ურბანისტმა ცირა ელისაშვილმა ისაუბრა: „შესაძლებელია სკვერებისა და პარკების რაოდენობა იზრდება, მაგრამ არასწორი მიდგომების გამო, ეს იმ განაშენიანების საპირწონე ვერ იქნება, რომელიც დაგეგმილია და ემუქრება ქალაქს“.
როგორც ის ჩვენთან საუბრისას განმარტავს, დეკორატიულ ხეებს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც, ასე თუ ისე, გამწვანების ნაწილია, ბუნებრივი ტყისა და საფარის ჩანაცვლება არ შეუძლია: „ჩვენ რეაბილიტაცია გვგონია ბევრი ბეტონისა და ქვაფენილის დაგება კონკრეტულ სივრცეზე, რაც ასე არ არის. ზოგადად, მიწის მონაკვეთები უნდა იყოს უფრო მეტი და არა ქვაფენილები. ამ მწვანე სივრცეებს თუ დააკვირდებით, უფრო ხშირად ირგვება დეკორატიული ჯიშის და არა ურბანული ხეები. ეს ვერ შექმნის ხეივნისა თუ დიდი ჩრდილის ეფექტს. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს“.
ვერც პარკის და ვერც ცათამბჯენების მშენებლობაში პრობლემას ვერ ხედავს რევაზ სოხაძე, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის თავმჯდომარე. იგი მადლობას უხდის ფონდ „ქართუს“ იმისთვის, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე მთლიანად განაშენიანება არ გვაქვს, 40 ჰექტარზე კი ცენტრალური პარკი კეთდება. იგი ტყის ტერიტორიაზე ცათამბჯენების განთავსებას თანამედროვე არქიტექტურის ტენდენციას უწოდებს:
„საკრებულოსთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ არის დამკვეთი... რაც შეეხება ცათამბჯენს და იმ თემის დემონიზირებას, რომ მაღლივი ნაგებობები შენდება, ეს არ არის რელევანტური. დიახ, ქალაქი ვითარდება და თანამედროვე არქიტექტურის ის ტენდენციები, რაც არსებობს მთელ მსოფლიოში, ძალიან კარგია, რომ თბილისშიც იქნება“, - განაცხადა მან.
იპოდრომის ტყის ტერიტორიაზე ცათამბჯენების აგების გეგმას ურბანული გენოციდის გაგრძელებასა და ქალაქის უკანასკნელი მწვანე სივრცის განადგურებას უწოდებს საბა ბუაძე, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარე. მისივე თქმით, პარტია გეგმავს მშენებლობის ნებართვის, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების სასამართლოში გასაჩივრებას. ამავეს აპირებს „გირჩი“, „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ხალხისთვის“ და „ახალი“. ეს ინფორმაცია თავად „ახალის“ წევრმა, ანა გოგოლაძემ დაგვიდასტურა. თუმცა სანამ შემდგომ ნაბიჯებს გაგაცნობთ, განვიხილოთ რა ეტაპზეა ამ დროისათვის მშენებლობა.
„იმის მაგივრად, რომ თბილისის ხელისუფლებამ, მერიამ, საკრებულომ ქალაქის ინტერესებისათვის შესაბამისი პროექტები განახორციელოს და რიგ შემთხვევებში ბიზნესსექტორს უთხრას უარი არასწორი განაშენიანების თავიდან ასაცილებლად, ამას არ აკეთებს“, - გვითხრა ცირა ელისაშვილმა.
ჩვენ კი შეგვიძლია ქრონოლოგიურად გავყვეთ ამბავს და ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის გადაკვეთის საფუძველი ვიპოვოთ. იპოდრომის შესახებ პირველი ჩვენთვის საინტერესო ცნობა 1998 წლით თარიღდება, როცა ტერიტორიის 58%-ის მეიჯარე ხდება შპს „ჟოკეი კლუბი“ და 7 წლის შემდეგ სტატუსის შეცვლასაც ითხოვს. 2007 წელს დარჩენილ ერთ ჰექტარსაც ყიდულობს და იღებს ვალდებულებას თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე (30ჰა) ახალი იპოდრომი გააშენოს. ორი წლის შემდეგ „ჟოკეი კლუბმა“ მთლიანი ტერიტორია 52 მილიონ დოლარად მიჰყიდა ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, კობა კობიაშვილის მფლობელობაში მყოფ შპს „ინვესტ კაპიტალს“ და თავად თამაშიდან გავიდა. თავის მხრივ, „ინვესტ კაპიტალი“ 2020 წლის მაისში რვა ნაკვეთს უბრუნებს სახელმწიფოს, ივნისში კი დარჩენილი ქონება - იპოდრომის ცენტრალური ნაწილი, მწვანე საფარი და ტყე - ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში გადადის. ოქტომბერში ივანიშვილი იპოდრომის ცენტრალურ ნაწილს თბილისს უბრუნებს, 8 ჰექტარ ტყეს კი ჯერ მალულად თავისთვის იტოვებს, ხოლო სამი წლის შემდეგ „ცენტრალ პარკ ავენიუს“ მიჰყიდის. საგულისხმოა, რომ აღნიშნული კომპანია ტყის გაყიდვამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე დაფუძნდა. ცნობისთვის, მისი დირექტორი ვასილ ფხაკაძეა - ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და „ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებლის ძმისშვილი.
პარკის მოწყობა სწორედ 2020 წელს თბილისისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე დაანონსდა. თავდაპირველად, მშენებლობის ვადა 1.5-2 წლით განისაზღვრა, მაგრამ რამდენჯერმე გადაიდო. პასუხისმგებელი პირები ამბობდნენ, რომ თვითონაც არ იცოდნენ საბოლოო თარიღი. პროცესი დღემდე, 4 წლის შემდეგაც დაუსრულებელია, რაც, ელენე ცერცვაძის თქმით, მათ წისქვილზე ასხამს წყალს. „ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენთვის, როგორც დამსვენებლებისთვის, ეს სარეკრეაციო ზონა გაუქმებულია, თუმცა სხვა მხრივ, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით - რომ შეეშვან ტერიტორიას, უბრალოდ დაგვიტოვონ მინდორი, ელემენტარული ინფრასტრუქტურა გააკეთონ, სანაგვე ურნები დადგან, საპირფარეშო იყოს - მშენებლობის დროის გაწელვა უკეთესია“, - აღნიშნა მან. აქ ზონალური ცვლილების შემდეგ, რასაც უკვე დაუჭირეს მხარი, მშენებლობის ნებართვაა ასაღები. შესაბამისად, დაზიანებულიც ჯერ არაფერია.
თბილისის ცენტრალური პარკი დღეს
მოსახლეობამ სასამართლოში სარჩელი 2021 წელს შეიტანა და 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო შეტყობინება პირველი სხდომის ჩანიშვნის შესახებ. სამი პროცესის შემდეგ კი მოსამართლემ სარჩელზე უარი განაცხადა. მთავარი პრობლემა ის დოკუმენტებია, რომლებიც იპოდრომის ტყის ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმას დაადასტურებს და რომელიც ამ დროისათვის არსად იძებნება. გოგოლაძის განმარტებით, უნდა შემოვიდეს ძირითადი განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელშიც უკვე პროექტის ზუსტი მონაცემები იქნება გაწერილი. რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნის შემდეგ მიანიჭებენ ყველაზე მაღალი საცხოვრებელი ზონის სტატუსს და ამას მოჰყვება უკვე საპასუხო ნაბიჯები: მოსახლეობის მხრიდან მიზნის მისაღწევად ხელმოწერების შეგროვება, გაერთიანებული ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ კი - სარჩელის შებრუნება სასამართლოში: „ჩვენ როგორც საკრებულოს წევრები, გაერთიანებული ოპოზიცია - „ლელო“, „გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ხალხისთვის“ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაციაც, კერძოდ:
1. ინფორმაცია 2024 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 30 ივნისამდე თბილისის მერიის მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვათა რაოდენობის შესახებ.
2. ინფორმაცია თბილისის ცენტრალური პარკის (ყოფილი ძველი იპოდრომი) მოწყობის სამუშაოების ვადების შესახებ, კერძოდ, როდის იგეგმება აღნიშნული სამუშაოების დასრულება.
აღნიშნული განცხადება მერიის იურიდიულმა საქალაქო სამსახურმა დაგვირეგისტრირა და კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გადასცა, თუმცა კანონით დადგენილ ვადებში ამ სამსახურისგან პასუხი ვერ მივიღეთ.
ასეა თუ ისე, პროექტის ავტორები თავიანთი გეგმის განხორციელებას ყოველგვარი ეჭვის გარეშე აპირებენ. ყველა, ვინც იპოდრომის ტყის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებს, იმ დოკუმენტის გამოჩენას ელოდება, რომლის გარეშეც საცხოვრებელი კომპლექსიც კი შენდება, მაგრამ სასამართლო დავას მაინც არ იწყებს. იპოდრომის ტერიტორიაზე საბოლოო განაჩენის ლოდინით უკვე გაქვავებულ მიწაზე ჯერ კიდევ ბევრჯერ ამოვა და გახმება კიდეც ბალახი.
პროექტზე იმუშავეს :
დიტო ბელქანია
ელენე ჩოხელი
ქრისტინე შონია
ანანო კორშია
თინათინ ჭილაური
Comments