top of page
TSU Media

1984-2024

Updated: Oct 6

წარმოიდგინეთ, რომ მომავალში ცხოვრობთ. დილით სამსახურში არ მიგეჩქარებათ. საუზმესაც ასწრებთ და სოციალურ ქსელში ამბების გადამოწმებასაც. ამინდის პროგნოზიდან ქვეყნის პოლიტიკურ კურსამდე ერთი ინფორმაციაც არ გაბრაზებთ. მშვიდად განაგრძობთ გამზადებას და კარს აღებთ. გარეთ გასვლისას კი უცებ აღმოაჩენთ, რომ სამსახურშიც უკვე დაგაგვიანდათ და არც მაინცდამაინც ამინდი ყოფილა ისეთი თბილი, როგორც ფარდაჩამოფარებული ფანჯრიდან ჩანდა. ჯერ ტრანსპორტი დაიგვიანებს, მერე მაღაზიაში უცნობს პურისთვის ფული არ ეყოფა; სამსახურიდან გაგათავისუფლებენ და საღამოს ყურადღების გადასატანად კინოში შესული აღმოაჩენთ, რომ თქვენი საყვარელი ფილმი ნახევარი საათით შეუმცირებიათ. გარეთ აკრეფილი ტვირთით დამძიმებული დასასვენებლად ტელევიზორს ჩართავთ და იქ ისევ გეტყვიან რომ ხვალ წვიმა კი არა, 30 გრადუსი სითბოა გამოცხადებული.


ეს ქართული უტოპიაა.

სადღაც ეს უკვე ნანახიც გვაქვს და წაკითხულიც. იმავე გზით მიდის დრო საქართველოშიც მას შემდეგ, რაც 3 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რუსულ კანონს ხელი მოაწერა. პაპუაშვილმა იმიტომ, რომ თავად პრეზიდენტი თავისივე ქვეყანაში დაინიცირებულ კანონს დამტკიცებამდეც ეწინააღმდეგებოდა. მთავარი ისაა, რომ კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად ცხადდება ყველა არასამთავრობო ან მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი არაქართულია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის გამტკიცებაა“, - თქვა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ და მოსახლეობა დააიმედა, რომ რეგისტრაციის ვალდებულება შესაბამის ორგანიზაციებს არაუგვიანეს 4-5 სექტემბრისა დაეკისრებოდათ.



 

"დიდი ძმა გიყურებს"

„ივანიშვილს ეს ქვეყანა თავისი კერძო კორპორაცია ჰგონია. ჩვენ არ ვემორჩილებით კანონს იმიტომ, რომ [ეს] ძალიან დიდი სირცხვილია. თუ აგენტი ვარ, თუ უცხო ქვეყნის ინტერესებში ვმუშაობ, მოდი და დამიმტკიცე, გამასამართლე. თუ არ ვარ აგენტი და უბრალოდ გინდა, რომ დამაწებო, როგორც იარლიყი, ეს არ გაუვა ამ ხელისუფლებას!“, - სტუდია „მონიტორის“ რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის, ეს პოზიცია ქვეყანაში შექმნილი საერთო ფონის გამოძახილია.  საქმე ისაა, რომ რუსული კანონის მიღებიდან არასრული ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში 150-ზე მეტი ორგანიზაცია ხმამაღლა აცხადებს, რომ კანონის მოთხოვნების შესრულებას, რაც რეესტრში უცხოური ძალის გამტარ ორგანიზაციად დარეგისტრირებას გულისხმობს, არ აპირებს. მათ შორის იგულისხმება, სწორედ, ზურიაშვილის მედიასაშუალებაც. უცხო თუ ნაცნობი ძალის კონტროლის ქვეშ მუშაობა, რაც, ფაქტობრივად, რუსული კანონის პირდაპირი მიზანდასახულობაა, ასეთ ვითარებაშიც კი ერთადერთი პრობლემა არ არის დამოუკიდებელი მედიებისთვის: ფინანსური სირთულეები, რესურსის სიმწირე და რესპონდენტების კეთილგანწყობის თითქმის არ არსებობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კრიტიკული მედიების სახელით მუშაობენ.


„როდესაც დამოუკიდებელი მედია ხარ და არცერთი პარტიის მეგობარი, ასეთ შემთხვევაში ძალიან გვიჭირს ინფორმაციის მიღება. მითუმეტეს, თუ საყოველთაოდ ცნობილი კრიტიკული მედია ხარ, გიღიმიან და [გეუბნებიან]: „თქვენთან არ ვთანამშრომლობ“, - იგულისხმება, რომ მხოლოდ სამთავრობოებთან თანამშრომლობენ, ოღონდ რატომ - პასუხი არავის არ აქვს“, - გვითხრა ნინო ზურიაშვილმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აპრილში, კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და, როგორც მოგვიანებით, პრესსამსახურმა ახსნა, სწორედ ამ მოტივით, ონლაინმედიის ჟურნალისტებს უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოდან მუშაობის საშუალება არ მიეცათ.   სწორედ ამას გულისხმობს სტუდია „მონიტორის“ რედაქტორი ინფორმაციის მოპოვების სირთულეში და ამავე რიტორიკას იმეორებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ მთავარი რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილიც. იგი კანონს „ღირსების შემლახავს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობის ფონზე დამოუკიდებელი მედიის პრობლემები ფინანსებიდან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობამდე უბრალოდ მეორეხარისხოვანია. მისი თქმით, „პუბლიკა“ ისევე, როგორც ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, ხუთი წლის განმავლობაში საერთაშორისო ფონდებიდან მოზიდული სახსრებით ახერხებს, რომ საქართველოში შესაძლებელი გახადოს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა. სახელმწიფოს მსგავსი პასუხი კი უსამართლობად მიაჩნია. „სხვადასხვა საერთაშორისო ან ადგილობრივ კონკურსში ვიღებდით მონაწილეობას, ვავსებდით განაცხადებს; ხან წარმატებული იყო ეს, ხან - წარუმატებელი. ამ ფონდებიდან მოზიდული სახსრებით შესაძლებლობას ვქმნიდით, გვემუშავა, როგორც თავისუფალ ჟურნალისტებს. ახლა სახელმწიფოს უნდა, რომ წინადადებების, საკონკურსო განაცხადების გამო მოგვნიშნოს აგენტებად. ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა“, - ამბობს ლიკა ზაკაშვილი.


„ომი მშვიდობაა“

კანონი, რომელსაც „ოცნების“ წარმომადგენლები ქართულს უწოდებენ, სინამდვილეში ჩვენთვის, ჟარგონულად, „შპარგალკაა“. ის 12 წლის წინ რუსეთში „დაიწერა“. ამ დოკუმენტაციის მიხედვით, უცხოური დაფინანსების მქონე ყველა „პოლიტიკურ აქტივობაში“ ჩართული ორგანიზაცია აგენტად უნდა დარეგისტრირებულიყო; წინააღმდეგობის შემთხვევაში საქმიანობას შეწყვეტდა. თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. კანონში ცვლილებები 2016 და 2020 წლებში შევიდა, „უცხოური აგენტის“ მნიშვნელობაც გაფართოვდა და ორგანიზაციების გარდა ფიზიკურ პირებზეც გავრცელდა. მოგვიანებით მხოლოდ რუსეთში კი არა, მეზობელ ქვეყნებში მოქმედი რუსულენოვანი მედიაორგანიზაციებიც უცხოურ აგენტად გამოცხადდა. მერე აიკრძალა მთავრობის კრიტიკაც და ყველა, ვისაც ხმის ამოღება უნდოდა, ქვეყნიდან გაიქცა. რუსეთმა თავისუფალი აზრი ვეღარ აიტანა. ამ უმისამართო ბილიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გავლილი აქვს საქართველოსაც. კანონის ამოქმედებამდე, დაახლოებით, ერთი თვეა დარჩენილი. მერე ალბათ აქაც მოუწევთ ჟურნალისტებს სტატიების ქვეშ სახელისა და გვარის ნაცვლად მიწერა - „გამარჯობა, მე უცხოური აგენტი ვარ“.


რუსეთთან უკვე ბევრი მსგავსება დაგროვდა. შესაბამისად, ლოგიკურია კანონის რეალური მიზანდასახულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაც. თუ ჩრდილოეთში ე.წ. გამჭვირვალობა ჟურნალისტების ქვეყნიდან გაქცევით დამთავრდა, საქართველოს რა იცავს ამ საფრთხისგან? პასუხი რიტორიკული კითხვაა - კანონი გამჭვირვალობისთვისაა თუ ქვეყნის სრული კონტროლისთვის?! უნდა გვახსოვდეს, რომ ყველანაირი დაფინანსების შესახებ დეკლარაციის შევსება ორგანიზაციებსაც და ფიზიკურ პირებსაც მიღებული საკანონმდებლო ბაზის გარეშეც ევალებოდათ. მსგავს ფინანსურ ანგარიშს კი არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ თავად დამფინანსებლებიც ითხოვენ. ეს ყველაფერი კი „უცხოური ძალის გავლენის გამტარის“ სახელის დარქმევისა და მსგავსი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სადამსჯელო ღონისძიებების გატარების გარეშე ხდება.


„მე წლების განმავლობაში, როცა ვისმენდი ბელარუსი და რუსი ჟურნალისტების ამბებს დევნაზე, რუსულ კანონზე, სულ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემს ქვეყანაში არასოდეს მოხდებოდა. ყოველთვის სიამაყის გრძნობა მქონდა, რომ საქართველოში დემოკრატიული ტრადიციების საზოგადოებაა და თავისუფალ ჟურნალისტებს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კრიტიკისთვის, ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოზიციების გამო არ დაუწყებდნენ მსგავსი ტიპის დევნას“, -წუხს ლიკა ზაკაშვილი, რომელიც ამ ამბის ყველაზე დიდ პრობლემად სწორედ დევნისა და ძალადობის კანონიერად გამართლებას მიიჩნევს.


ეს ვითარება განსაკუთრებით მძიმედ რეგიონებზე აისახება და ამის მიზეზზე რადიო „მარნეულის“ რედაქტორი კამილა მამედოვა საუბრობს: „რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოება არ არის ისეთი თამამი, რომ გამოვიდეს მედიის დასაცავად, რამდენადაც არ უნდა აფასებდეს. შიში, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი ძალიან მოქმედებს ადამიანებზე.“ (სრული ინტერვიუ იხილეთ ქვემოთ).



( დააჭირეთ ხატულებს, რათა სრულად გაეცნოთ ინფორმაციებს ქვეყნების მიხედვით)


„თავისუფლება მონობაა”

 „ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს“, - ეს სიტყვები პირველად საზოგადოებამ 2022 წლის ნოემბერს „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილში ამოიკითხა. მმართველი ძალისგან დაკომპლექტებული გუნდის უკმაყოფილება გამოიწვია ერთი დღით ადრე აშშ-ის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებამ, რომელშიც საქართველოს დაფინანსების საკითხის გადახედვის საჭიროებას გაუსვა ხაზი.


ცნობისთვის: 2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება

2023 წლის თებერვალში კი უკვე საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრირა „ხალხის ძალამ“ კანონი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. პირველი პლენარული სხდომა 7 მარტს ჩაინიშნა. კანონი საბოლოოდ 10 მარტს ჩააგდეს, თუმცა, ერთი წლის მერე აღმოჩნდა, რომ საბოლოო არ ყოფილა. იმ დღეების განმავლობაში, ფაქტობრივად, უწყვეტად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ. გაუჩერებლად ისმოდა შეძახილი „არა რუსულ კანონს!“ და ფრიალებდა ქართულ-ევროპული დროშები. ამან აიძულა „ქართული ოცნება“, პირობა დაედოთ, რომ ქართველი ხალხის სურვილისამებრ, მსგავსი კანონი აღარ გამოეტანათ.


პირობა პირობად დარჩა. 2024 წლის აპრილში მმართველმა ძალამ კანონპროექტის სათაურიდან სიტყვა აგენტი ამოიღო და ისევ დააინიცირა: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“. ახლა უკვე კანონის შინაარსის მიუღებლობას საზოგადოების მოტყუება და ღალატიც დაემატა. და იყო კითხვა-ძახილის ნიშნები თავისუფლებასა და მონობას შორის. დიდხანს ტრიალებდა ჰაერში ბრაზი და იმედგაცრუება. დიდხანს ბორგავდა საქართველო. ბოლოს ანდერძად რუსული კანონი შერჩა და მასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება. 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღეს. მერე იყო პრეზიდენტის ვეტო, ვეტოს დაძლევა, ზურაბიშვილის უარი ხელმოწერაზე და შალვა პაპუაშვილის მიერ საბოლოოდ დამტკიცებული კანონი.



( დააჭირეთ ხატულებს)


ორი თვის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ევალებოდა შექმნა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციათა რეესტრი“, სადაც, დაახლოებით,  აგვისტო-სექტემბერში უნდა დარეგისტრირდნენ ორგანიზაციები 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან 25000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების მიერ წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შექმნილ ვითარებაზე ზუსტი პასუხი არ აქვს სტუდია „მონიტორის“ რედაქტორს, ნინო ზურიაშვილს: „საბოლოო სურვილი, რა თქმა უნდა დახურვაა, მაგრამ ამ კანონით, ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე ვერ დაგვხურავს, თუ კანონის მიღმა არ მოგვიქსია თავისი ზონდერ-ბრიგადები. მაგრამ წინააღმდეგობაც იქნება მედგარი. არჩევნებამდე, მგონია, რომ ყველანაირად ვისულდგმულებთ, გავქაჩავთ. არჩევნების მერე ესენი თუ დარჩნენ და ხალხმა თუ აირჩია, მერეც შევეცდებით, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა, მაგრამ ვნახოთ როგორ წავა ჩვენი ცხოვრება“.


კანონი განსაკუთრებით მკაცრია მაუწყებლების მიმართ, კერძოდ, კანონში ვკითხულობთ, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი არის მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; აქ მთავარი "არაკომერციული შემოსავალია", რითაც ხელისუფლება მაუწყებლის სრული შემოსვალისგან კი არ ითვლის პროცენტებს, არამედ მხოლოდ არაკომერციულისგან, რომელიც როგორც წესი 100%-ით გრანტებით ივსება, შესაბამისად, რეესტრში მოხვდებიან დამოუკიდებელი მედიასაშაულებები, მაგრამ, მაგალითად, პრორუსული და ძალადობრივი "ალტ-ინფო" არა, რადგან ის უცხოეთიდან ოფიციალურად არ ფინანსდება, თუმცა ვისგან ფინანსდება მისი მფლობელი? ეს ჩვენთვის ცხადია,თუმცა კანონისთვი არა.


რადიო "მარნეული" VS "ალტ-ინფო"


„უმეცრება ძალაა“

პრობლემა მხოლოდ არჩევნების გაშუქების შეფერხება არ არის. საუბარი დაწყებულია უკვე მედიაორგანიზაციების დახურვაზე, რამდენადაც საჯარიმო 20 000 ლარის სისტემატურად გადახდა უცხოურ გრანტებზე დამოკიდებული მედიების შესაძლებლობას აღემატება. თუმცა ბიუჯეტს მიღმა უფრო დიდი ამბავი იმალება - ღირსება. დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ დარქმევას მაშინ, როცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, არ აპირებენ. ისინი რეალობას თვალს უსწორებენ; ხვდებიან, რომ საქმიანობის შეჩერება შეიძლება გარდაუვალი იყოს და მაინც არ ჩერდებიან. მუშაობას აგრძელებენ მაშინაც, როცა მათი, თანამშრომლების, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ გაუთავებლად ისმის მუქარა და სიძულვილის ენა. საქართველოში ნაცემი ჟურნალისტების ეპოქაა და ისინი ბრძოლის ველზე სიტყვით იბრძვიან.


„ჩვენ ვეცდებით, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ორგანიზაციას და მკითხველი კრიტიკული, სანდო ინფორმაციის გარეშე არ დარჩეს. რა თქმა უნდა, განვიხილავთ შესაძლო სამოქმედო გზებს, ვსაუბრობთ ამის შესახებ. მე, როგორც ჟურნალისტი, სადამდეც შემეძლება განვაგრძობ ჩემს საქმიანობას, მოვამზადებ ფაქტებზე დაფუძნებულ ჟურნალისტურ მასალებს და არ შევშინდებით“, - აღნიშნავს „აი, ფაქტი“-ს ჟურნალისტი ნათია მიხელიძე. მსგავსი განწყობაა „პუბლიკასა“ და სტუდია „მონიტორშიც“, მიუხედავად მათი მისამართით განხორციელებული მუქარებისა, რაც ამ საკითხის ფარგლებში მმართველი ძალის მთავარი რიტორიკა გახდა. უცხოური ზარები, გინება, მუქარა, სხვადასხვა მისამართებზე დახვედრები, ადევნება - 2024 წლის საქართველოში 90-იანების სიბნელემ გამოანათა. „სატელეფონო ზარები იყო ყველასთან. არამხოლოდ ჩემს ოჯახთან. არამარტო დასაქმებულებს ურეკავდნენ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც; იყო ადევნების შემთხვევა, როცა უკან უცნობი ადამიანი მოგყვება. ჩვენი ოფისის კარი დააზიანეს უცნობმა პირებმა“, - აღნიშნავს „პუბლიკას“ რედაქტორი.


სრული ინტერვიუ ლიკა ზაკაშვილთან ("პუბლიკა)

ამავე სირთულის გავლა მოუხდა ნინო ზურიაშვილსაც, სტუდია „მონიტორის“ დამფუძნებელს: „ჩვენზე, რა თქმა უნდა, თავიდანვე დაიწყო ეს ზარები. მერე გადავიდა ოჯახის წევრებზე; მცირეწლოვნებზეც, მათ შორის. მერე იყო პლაკატები როგორც ოფისში, ისე სახლში, ჩემთან. მერე - მანქანის დაზიანება, დიტო სამხარაძის მუქარა. მანამდე - სატელეფონო მოსმენები, როცა ჩვენი ნალაპარაკები სხვა სამთავრობო მედიების ჟურნალისტებს უთხრეს და ა.შ, ეს გრძელდება. რაც იქნება იქნება. არავინ არ ეგუება იმიტომ, რომ წინ არჩევნებია და ქართველი ხალხის იმედი გვაქვს, რომ ამ წნეხში არ დაგვტოვებს“.


ეს ყველაფერი უცხო არც რადიო „მარნეულის“ დირექტორის, კამილა მამედოვასთვისაა, თუმცა მას უფრო დიდი საფიქრალიც ემატება - ახლობელი ადამიანების მხარდაჭერის სიმწირე. მთავარ პრობლემას იგი კომფორტის სიყვარულში ხედავს. არადა როგორ უნდა გეფიქრებოდეს მხოლოდ საკუთარ თავზე, როდესაც ქვეყნის ორიენტირს ემუქრება საფრთხე.

 „მიყურადება, დაცინვა, ფსიქოლოგიური ზეწოლა ჟურნალისტებზე მათი ახლობლებისგან და სამეგობროსგან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს არის ის, რაც ძალიან მაღელვებს და ისეთი პერიოდია, რომ არ იცი, როგორ დაიცვა ისინი ამ ზეწოლისგან. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან მოდის ძლიერი ზეწოლა - მთავარი ძალა არის რწმენა, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ, არის სწორი.“, - გვითხრა მამედოვამ.


მარნეულში, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ქალაქში, სადაც ერთად ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენელი ხალხები, მედიას მხოლოდ ინფორმირების ფუნქცია არ აქვს. სწორედ ის უწყობს ხელს ამ ურთიერთობების გამყარებას და ცნობიერების ამაღლებას უამრავ ყურადსაღებ საკითხზე. აქ სახელმწიფო ენის არ ცოდნა ინფორმაციის გავრცელებას აფერხებს; სწორედ ამიტომ მუშაობს რადიო „მარნეული“ უმცირესობათა ენაზე. რუსული კანონის მიზეზით მისი დახურვა კი მხოლოდ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას კი არა, ერთი ქვეყნის მოქალაქეების ერთმანეთისგან გათიშვას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ კამილა მამედოვას, რომელთან ინტერვიუსაც ქვემოთ სრული სახით გთავაზობთ.


-ქალბატონო კამილა, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას თავისუფალი მედიების მიმართ, ბოლო სამი თვის მოვლენებიდან გამომდინარე?

ძლიერმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მოიცვა საზოგადოების დიდი ნაწილი. ჩვენ ვმუშაობთ საკმაოდ საინტერესო რეგიონში, რომელშიც შერწყმულია სხვადასხვა ქვეყნების და რეჟიმების ინტერესები: ირანი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი.. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონი პრობლემატურია სახელმწიფო ენის ცოდნა და იწვევს ინფორმაციულ ვაკუუმს. რადიო „მარნეული“ არის პირველი უმცირესობების ენებზე მომუშავე კრიტიკული მედიასაშუალება. მას უწევს გამკლავება ბევრ და დიდ დეზინფორმაციულ ნაკადთან. მოსახლეობას უყვარს რადიო „მარნეული“ და მოსწონს ის თემები რომელსაც აშუქებს. თუმცა კანონთან მიმართებით მაინც ნაკლებობას განიცდის. მიწოდებულია ინფორმაცია, რომ ეს არის მხოლოდ კანონი, რომელიც ე.წ. გამჭვირვალობაზეა და ისინიც ვერ ხედავენ პრობლემას. ვერ იაზრებენ, რომ ამ კანონის იმპლემენტაციით რადიო „მარნეული“ ვერ მოახერხებს მუშაობს. მედია გარემო არაერთგვაროვანია. პოლარიზებული გარემო და ენის არ ცოდნა ვერ აძლევს ადგილობრივებს სრულ სურათს. ინფორმაცია საგარეო პოლიტიკაზე ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის აზერბაიჯანის, პროირანული ან თურქული მედიების მეშვეობით. ყველა ჩამოთვლილი კი ევროატლანტიკური ალიანსის შესახებ, დასავლეთის მიმართ მტრული დამოკიდებულებითაა.


-რა როლს ასრულებს თქვენს საქმიანობაში უცხოური დაფინასება?

რადიო „მარნეულის“ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებზე. მათი დახმარებით, ჩვენ ვინარჩუნებთ დამოუკიდებლობას. რადიო საუბრობს ისეთ თემებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. კრიტიკული მიდგომა, დაჩაგრული მოსახლეობის მხარეს დგომა, მათი ინტერესების ადვოკატირება - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც რადიო აკეთებს უცხოური დაფინანსებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დაფინანსება გვაძლევს შესაძლებლობას, ავამაღლოთ ჟურნალისტების კვალიფიკაცია და ვიმუშაოთ ჟურნალისტური სტანდარტებით.

-აპირებთ რეესტრში ნებაყოფლობით დარეგისტრირებას?

რეგისტრაცია ღირსების საკითხია. ხელისუფლებას სურს, მოგვანიჭოს იარლიყი, რომ უცხოური დაფინანსება არის ცუდი და ჩვენ ვართ ცუდები - აგენტები. ეს კი მოსახლეობაში ისედაც არსებულ შიშს დაამკვიდრებს. ამიტომ დღევანდელი მოცემულობით ორგანიზაცია არ აპირებს რეგისტრაციას.


-დაუმორჩილებლობისა და ფინანსური სანქციების ფონზე, როგორ  აპირებთ წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში მუშაობას?

არ ვიცით, სინამდვილეში.

ორგანიზაცია ყოველთვის კანონით გათვალსწინებული პირობების მიხედვით მოქმედებდა. ორგანიზაცია, როგორც მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, ასრულებს ვალდებულებას კომუნიკაციის კომისიის წინაშე, რომელსაც ყველანაირ ფინანსურ ანგარიშს აბარებს. ჩვენ დასამალი არასდროს არაფერი გვქონდა. სიტუაციიდან გამომდინარე, თუნდაც ინდივიდუალურად ვეცდებით, არ შევწყვიტოთ ჩვენი აუდიტორიის ინფორმირებულობა.

-როგორია საქმიანობის გაგრძელება მაშინ, როცა იცით, რომ დახურვის რეალური საფრთხე არსებობს?

ჩვენ გვჯერა, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია! 



ბოლომდე მინდა გვჯეროდეს, რომ ეს პროცესი არ იმპლემენტირდება. საქართველო მართლა განსხვავებული ქვეყანაა და, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამის შესაძლებლობას ხელისუფლებას არ მისცემს. ეს ეწინააღმდეგება ყველანაირ კანონს. არ ვფიქრობთ, რომ სათემო მედია უნდა მიდიოდეს ემიგრაციაში. სამწუხაროდ, ნებისმიერ რეგიონში სამოქალაქო საზოგადოება არ არის ასეთი თამამი, რომ გამოვიდეს მედიის დასაცავად, რამდენადაც არ უნდა აფასებდეს. შიში, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი ძალიან მოქმედებს ადამიანებზე. ამიტომ ჩვენ რა სამართლებრივი მექანიზმიც გვექნება, იმას გამოვიყენებთ, რომ ვიმუშაოთ. (ინტერვიუს დასასრული)


საბოლოოდ, მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, ქვეყანაში დამტკიცებულ კანონს ეწინააღმდეგება. მათი უმეტესობა დახურვამდე დღეებს ითვლის, მაგრამ მაინც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ნებით არც უცხოური ძალის გამტარად დარეგისტრირებას აპირებენ, არც ჯარიმის გადახდას. წინასწარ ფარ-ხმალს არავინ ყრის. ჟურნალისტიკის გარეშე თავიანთი ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ და არც  ეფიქრებათ, რომ შეიძლება ერთ დღეს ყველაზე საშინელი კოშმარი რეალობა აღმოჩნდეს. მანამდე დროა და რწმენაც. როცა გჯერა, საქმის ნახევარი უკვე გაკეთებულია.  
პროექტზე იმუშავეს :
  • დიტო ბელქანია - პროექტის ავტორი

  • ელენე ჩოხელი - პროექტის მეორე ავტორი

  • ქრისტინე შონია - ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, 

  • თინათინ ჭილაური - გრაფიკოსი, მემონტაჟე



257 views0 comments

Comments


bottom of page