შრიალებენ ხეები, რომლის ფონსაც ამშვენებს ჩიტების ჭიკჭიკი. იქ ალვის ხე, აქ ჭადარი, იქით მუხა და აქეთ აკაცია... თითოეულ ხესა თუ ფოთოლს სოფელ ქალაღალის ისტორია აქვს შემონახული. წლები გადის, ფოთლები ფერს იცვლის, ხეები ხმება, მაგრამ მათ მაინც ახსოვთ, თუ როგორ ჩქეფდა აქ სიცოცხლე და როგორ შეიცვალა სოფლის ცხოვრება.
ბევრისათვის უცნობი სოფელი ქალაღალი მდებარეობს სამეგრელოში, კერძოდ წალენჯიხის რაიონში. მართალია, რუკაზე მისი სახელწოდება აღნიშნული არ არის, მაგრამ მდებარეობით მაინც იქცევს ყურადღებას. იქვე ჩამოედინება მდინარე „ქალაქი“ - სწორედ მის სახელს უკავშირდება სოფლის სახელი - „ქალაღალი“, რაც იშიფრება როგორც - „ქალაქ“ - ანუ მდინარე ქალაქი და „ღალი“ - პატარა მდინარე. მოსახლეობის 68% - გოგოხიებს შეადგენს, ხოლო დანარჩენი სხვა გვარის წარმომადგენლები გახლავთ.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელი აფხაზეთის საზღვართან ძალიან ახლოსაა და ზოგიერთი ადგილიდან ოკუპანტების ადგილსამყოფელიც კი ჩანს, მოსახლეობა მაინც ინარჩუნებს ყოფასა თუ ტრადიციებს. ქალაღალის მთების კალთებს ახსოვს, ოდესღაც როგორ მღეროდნენ ახალგაზრდები და შრომისას როგორ შეუძახებდნენ ხოლმე „სისა ტურასა“ თუ „ცირას“. მაშინ, დღეები მეტად ფერადი და ხალისიანი იყო...
სანამ უშუალოდ, ახლანდელ მდგომარეობასა და სოფელში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ, იქამდე ორიოდე სიტყვით, გაგაცნობთ ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობ წარსულის ისტორიებს.
1980-იანი წლების სოფელი ქალაღალი...
ქალაღალში სიცოცხლე ჩქეფდა. ყველა დასაქმებული იყო ქალაქსა თუ სოფელში. პატარები ბაღს მიაშურებდნენ, მოსწავლეები სკოლაში მიდიოდნენ, ხოლო უფროსები – სამსახურში. თითქოს ყველა დაკავებული იყო და იმას აკეთებდა, რაც შეეძლო.
მასწავლებელი დილაობით, კორიდორთან მდებარე ფანჯარასთან მდგარი უცდიდა თავის მოსწავლეებს და ელოდებოდა, როდის მოვიდოდა ყველა, რომ გაკვეთილი დაეწყო. მოსწავლეები გზად ერთმანეთს ელოდებოდნენ და ისე მოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, რის შემდეგაც სკოლამდე არმისული, უკვე ალაგებდნენ, ვინ როგორ ოინბაზობას მოაწყობდა. ბაღში პატარები განსაკუთრებულად დაკავებულები იყვნენ, ბევრს ცელქობდნენ, უკვე აღარ იცოდნენ, რომელი თამაში ეთამაშათ პირველ ჯერზე და რომელი უნდა ყოფილიყო შემდეგი. უწყვეტად მუშაობდა სოფლის ამბულატორია და ბიბლიოთეკა, რაც სოფლისთვის ძალიან საჭირო რამ გახლდათ.
ფაქტობრივად, მხოლოდ დიასახლისი არცერთი ქალბატონი არ იყო, რადგან თუ ქალაქში არა, სოფლის კოლმეურნეობაში - ფერმაში ან საჩაიეში მაინც მუშაობდა. დილაობით ქალები ერთად მიდიოდნენ ჩაის საკრეფად. მიფარფატებდნენ ფერადი კაბებით თავსაფარწაკრული და მიჰქონდათ ხურჯინები ან/და კალათები, რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ჩაის კრეფის დროს.
ქეთოო, ვამუურქო და ძღაბი, თექ გეზიკონდიო? (ქეთო, არ მოდიხარ?)
ქო, ქო ქომიჯინი აკაწუთის ფართუკის გემიმწყნქ...(კი, კი დამელოდე ერთი წუთით, წინსაფარს მოვიძრობ).
სი სარალო, დოუჩქარი! (დაუჩქარე!)
ჯგერი, იშო, სო ურც თი ჩაი, იშენ ჩქ მაფუნა ოწილარი.. ( კარგი ერთი, სად წავა ეგ ჩაი, მაინც ჩვენი მოსაკრეფია).
ხშირად გაიგებდით მსგავს დიალოგებსა თუ სიტყვებს, რომლებიც მეგრულ დიალექტს უსვამდა ხაზს. მეგრელებს მათთვის დამახასიათებელი საუბრის მანერა და იუმორი აქვთ, რაც ქართულად ზუსტი მნიშვნელობით არ გამოითქმის ისე, როგორც მეგრულად.
ჩაის კრეფის პროცესი ძალიან შრომატევადი და დატვირთული იყო, რადგან ყველას თავისი საქმე ჰქონდა და ერთიანი ძალით, თანადგომით აკეთებდნენ ყველაფერს. შუადღეს უკვე ბავშვები სკოლიდან გამოდიოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სოფლის დიდ ჩანჩქერზე უნდა ასულიყვნენ. „ოფარხალაია“ - რთულად მისადგომი ჩანჩქერი იყო, მაგრამ ბავშვები დაკრავდნენ ფეხს და მიდიოდნენ სოფლის თავში, რათა ზაფხულის გაუსაძლისი სიცხე კამკამა, ცივი წყლით დაეძლიათ. ახალგაზრდები დაუზარლები იყვნენ, შეეძლოთ ერთი მაღლობი ათჯერ გადაერბინათ და თუ მეთერთმეტედ ეტყოდი - „ ქიმერთი თე წყარი საღელას მუწორენან თინეფს გეკუუღი..“ (მიდი, ეს წყალი აიტანე საღელაზე...), არც მაგაზე მიიღებდი უარს, რადგან ეხალისებოდათ. საღელა ფერდობზე გაშლილი ადგილია, სადაც ჩაის კრეფდნენ. დღის ბოლოს კი ყველა ჩაის ჩამბარებელ პუნქტში იკრიბებოდა და მთელი დღის ნაშრომს წონიდნენ, კრავდნენ და მიჰქონდათ წალენჯიხაში.
სწორედ ჩაის ჩამბარებელი პუნქტი იყო სოფლის გული და სული. სადაც იკვრებოდა მოსახლეობის გადაცემული მაცოცხლებელი, უშრეტი ენერგია. მის გარშემო იყო სოფელი ძლიერი და ლაღი. იმ პერიოდში, მტერი მხოლოდ დრო...
აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლიდან ქალაქში ბევრი ახალგაზრდა მიდიოდა სწავლის გასაგრძელებლად, რომ შემდეგ „დედაქალაქში ცხოვრება აეწყოთ“ ან ისევ აქ დაბრუნებულიყვნენ. ასე იყო 2008 წლის აგვისტომდე...
2024 წლის სოფელი ქალაღალი...
სიმწვანემ შეინარჩუნა თავისი ხიბლი, მაგრამ აქ ხალხს ნაკლებად შეხვდებით. მოსახლეობა დაცლილია. ვინც ასაკოვანი, მკვიდრი მაცხოვრებელი იყო, უმეტესობა გარდაიცვალა. სოფელს მხოლოდ შუახნის მოსახლეობა „ავსებს“.
რა თქმა უნდა, კიდევ ისმის ფოთლების შრიალის ფონზე აჟღერებული ჩიტების ჟღურტული და ხეების მიხრა-მოხრა, მაგრამ ბუნება ძველებურად აღარ მღერის...
ქალაღალში უკვე ვეღარ ნახავთ დაუზარელ, ლაღ ახალგაზრდებს, რადგან ისინი უკვე დედაქალაქში ან ახლო ქალაქებში გადავიდნენ საცხოვრებლად. პატარების ცელქობები და ახალგაზრდული ცხოვრება მხოლოდ ისტორიებად დარჩა. ხალხის სახე ნაცრისფერია, რომელიც სევდასა და ტკივილს ინახავს.
ბებია-ბაბუები შვილიშვილებს მოუთმენლად ელიან, იმის იმედით, რომ დღესასწაულებზე ჩამოვლენ და მათი მოფერებით გულს ამოივსებენ. მაგრამ ვაი მათ, ვინც შვილიშვილებს არ ელოდება და მითუმეტეს არავის!?
სოფელი ქალაღალი, თავისი მდებარეობით, ფაქტობრივად, სამეგრელოსა და აფხაზეთს შუაშია. ქალაღალის დასავლეთით, უახლოესი სოფლები ოკუპირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული აქ გატარებული ღამე, თავის მხრივ, შიშისმომგვრელია. ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ნახირი ოკუპირებულ მიწაზე გადასულა და შემდგომ პატრონს თვალითაც აღარ უნახავს. ეს მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ამტკიცებს იმ ფაქტს რომ ძალიან ახლოსაა რუსეთის ოკუპირებული ხაზი.
არც ბაღი, არც სკოლა, არც ბიბლიოთეკა და აღარც ამბულატორია აღარ არის. მათ ადგილას კი, ოთახები აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ დაიკავა.
„მე ვასწავლიდი კიდეც და ქალაღალის დაწყებითი სკოლის დირექტორიც ვიყავი, ამასთანავე კოლმეურნეობაშიც ვმუშაობდით, გაწერილი გეგმის თანახმად შაბათ-კვირას ჩაის საკრეფად გვიწევდა წასვლა. სკოლაში იყო სახვითი ხელოვნების ოთახი, შრომითი ოთახი, მუსიკის და ა.შ. ყველას საკუთარი ადგილი ჰქონდა გამოყოფილი. ჩვენ როგორც შეგვეძლო ისე მივყვებოდით განათლების სისტემას. პირველსა და მესამე კლასს მე ვასწავლიდი და ხოლო მეორესა და მეოთხეს ნანი გოგატიშვილი ხელმძღვანელობდა. გარშემო სოფლებიდანაც მოდიოდნენ ბავშვები, რამაც მათი საერთო რაოდენობა გაზარდა. აფხაზეთის ომი დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, მას შემდეგ სკოლა მიუერთეს სოფელი წყოუშის - არასრულ სკოლას, რის შემდეგაც მეც უკვე აღარ მიმუშავია. საბავშვო ბაღიდან, სკოლამდე 38 წელი ვემსახურე საგანმანათლებლო სფეროს“, - იხსენებს სოფლის მკვიდრი, ლონდა კუხალეიშვილი.
ქალაღალს უკვე დიდი ხანია არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაც აქვს. სოფელში არ არის უსაფრთხო და გამართული გზა, კარგად არ მიეწოდება წყალი და დენის კაბელებიც იმდენად მოშვებულია, თითქმის უკვე მიწას ედება. სოფელს უამრავი წყალდიდობა თუ მეწყერი ახსოვს. მათი გამეორებისგან არავინ არ არის დაცული, შესაბამისად ელექტროენერგია უსაფრთხოდ უნდა მიეწოდებოდეს მოსახლეობას. ამასთანავე, გზაც რადგან რამდენჯერაც მთავრობისგან გაკეთების მცდელობა ყოფილა, ყოველ ჯერზე უხარისხო და დაუსრულებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის პროგრამაში უკვე დიდი ხანია რაც გაწერილია გზების დაგება, ეს საკითხი დღემდე პრობლემად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ახლახან ბეტონის გზა დააგეს , ბევრ ადგილზე დასრულებული არც ისაა, ბუნებრივი აირი უკვე შემოიყვანეს და ყველა სახლთან დაამონტაჟეს მრიცხველები, მაგრამ უკვე დაახლოებით ერთი წელია, ბუნებრივი აირი მოსახლეობას არ მიეწოდება. ამ პრობლემებს ემატება მოსახლეობის სოფლიდან მასიური გადინება. ხალხს უკვე უჭირს ასეთ პირობებში ცხოვრება, სადაც ხელისუფლება მათ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს და ნაკლებად მნიშვნელოვნად აღიქვამს.
სოფელი ქალაღალის გზები.
ახლად დაგებული ბეტონის გზები.
1. საფეხმავლო მცირე ზომის ხიდი;
2. ძირითადი ხიდი რომელსაც რესტავრირება სჭირდება, ვინაიდან სოფელს შუაზე ყოფს და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.
3. ახალი ხიდი.
რთულია იქ ცხოვრება სადაც, უკვე არც სკოლაა, არც ბაღი, არც ამბულატორია და არც სიცოცხლისთვის უსაფრთხო პირობები. სოფელში მცხოვრები უხუცესი 89 წლის გახლავთ, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ძველებურად აღარ უჭრის ღონე. ქალაღალში ახალგაზრდები არ არიან. ერთადერთი ახალგაზრდა 16 წლის - ანი გოგოხია გახლავთ, რომელიც გვიყვება, თუ როგორ უწევს სოფელში ცხოვრება.
„მინდა რომ გზა გვქონდეს. სკოლაში მისასვლელად 7 კილომეტრი უნდა გავიარო, რასაც ფეხით ვერ ვახერხებ. კი, დაიქირავეს მანქანა ჩემნაირი შორს მცხოვრები ბავშვების სკოლაში მოსაყვანად, მაგრამ იმდენად ცუდი გზა გვაქვს, რომ ბევრჯერ ამის გამო სკოლაც გამიცდენია, რადგან ტალახსა და ქვებში მანქანა ვერ მიდის და საშიშია. ყველა მიდის აქედან და ვიცი, მეც წავალ, რადგან აქ არანაირი პირობები არ გვაქვს, რომ განვვითარდეთ და ელემენტარულად, ვიცხოვროთ მაინც. თუ აქაურ პრობლემებს მოაგვარებენ, არც არავინ წავა, პირიქით, ჩამოვლენ კიდეც, იმიტომ რომ აქ სუფთა ჰაერსა და ჯანსაღ გარემოში ბევრ ქალაქელს უნდა ცხოვრება. მაღაზიაც კი არ გვაქვს, კვირაში 2-3 ჯერ თუ გავდივართ ხოლმე ზუგდიდში და ვყიდულობთ პროდუქტებს. არც სამუშაოა, ხალხი ხან ყველს ყიდის, ხან ხილ-ბოსტნეულს და ხან რას, რომ რაღაც შემოიტანონ ოჯახში...ხალხსაც აღარ აქვს არაფრის იმედი...“
ალბათ უკვე მარტივად მიხვდებით, თუ როგორი რთულია ქალაღალში ცხოვრება. იქ, სადაც არავის ესმის მათი ხმა, მხოლოდ „EUMM” - ის წარმომადგენლები თუ ეწვევიან ხოლმე სოფელს და ეგეც იმ მიზნით, რომ დაათვალიერონ, თუ როგორია ოკუპირებული საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება. მათი მოსვლა იქაურებს ძალიან უხარიათ და ბედნიერი სახით ხვდებიან, მაგრამ ამ სახეებს მიღმა ტკივილი, სევდა, მონატრება თუ სინანული იმალება.
თბილისისაკენ მიმავალს, დილით ცვარნამიან, გაშლილ მინდორზე ამოსულმა ბაიებმა მიიქციეს ჩემი ყურადღება. ასეთი ბაიები მხოლოდ სამეგრელოში ამოდის, ისევე, როგორც მზეც სხვაგვარად ამოდის და ჩადის ამ მთების უკან...
ქალაღალში ახალი დღე იწყებოდა...
Comentários