top of page
Search
  • მანანა ბალახამიშვილი

საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრში



"ბევრმა დაივიწყა უკვე ომი, მაგრამ ჩვენ არ დაგვავიწყდება. მე არასოდეს დამავიწყდება" - ლია ჩლაჩიძე ერგნეთიდან- ქალბატონი, რომელმაც საკუთარი სახლის სარდაფში 2008 წლის ომის ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.


სოფელ ერგნეთში, "საზღვრამდე" 200 მეტრში, ცხოვრობს ქალი სახელად, ლია ჩლაჩიძე, რომლის ვარდებით მოფენილ ეზოში შესვლისას ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ეს ვარდები განიარაღებული ბომბების ნამსხვრევებზე ხარობს. ქალბატონმა ლიამ საკუთარი სახლის სარდაფში გახსნა მუზეუმი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.


"მომივიდა შთაგონება, რომ ამ ნახანძრალ-ნაომარი სახლის სარდაფში გამეკეთებინა მუზეუმი, რომელიც ასახავდა ომის ტრაგედიას ამ სარდაფის კედლებში. 2017 წლის ივლისში დავიწყეთ ამ მუზეუმზე მუშაობა და 9 წლის თავზე, 2017 წლის 8 აგვისტოს გაიხსნა "აგვისტოს ომის ოკუპაციის მუზეუმი",-ამბობს ის.

როგორც ქალბატონი ლია დასძენს : “ეს არ უნდა ყოფილიყო აგრესიის მუზეუმი, არამედ უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც თითოეული სტუმარი შეძლებდა დაენახა რუსეთის რეალური სახე”.


"ჩემი სარდაფი სავსე იყო სამშენებლო მასალით. 2017 წლის ივლისის თვეში გადავწყვიტე, რომ გამეხსნა ეს მუზეუმი და ვერ გეტყვით რამდენი ადამიანი მოვიდა ჩემ დასახმარებლად. განათება, ბანერები - ყველაფერი უსასყიდლოდ გავაკეთეთ, როცა ვეუბნებოდით რისთვისაც გვჭირდებოდა და საფასურზე ვიწყებდით თუ არა საუბარს, გვეუბნებოდნენ: "ეს მხოლოდ თქვენი გასაკეთებელი არ არის, ეს ჩვენი გასაკეთებელიცაა. ახლაც მეტირება. ამიტომ მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანისა, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ მუზეუმის შექმნაში",-იხსენებს ის.


სარდაფში განთავსებულია უცნაური ფორმის, მოღვენთილი ქილები და ბოთლები, გამურული თოჯინები, დამტვრეული ჭურჭელი, მავთულხლართები, ომის ამსახველი ფოტოები, საქართველოს დროშა, ბავშვის დამწვარი ტანსაცმელი, განადგურებული წიგნები, კასეტური ბომბის ნამსხვრევები, ომის ბანერები, ჯარისკაცის ფორმა და ა.შ ეს ნივთები, ომის ნარჩენები, მოჰქონდათ ქალბატონ ლიასთან ომგამოვლილ ოჯახებს, რათა საკუთარი წვლილი შეეტანათ ამ ღირებული მუზეუმის შექმნაში.


მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატია ჩვენი, ეროვნული, ქართული დროშა, რომელიც ქალბატონმა ლიამ იპოვა 2008 წლის 19 აგვისტოს, მაშინ, როდესაც პირველად დაბრუნდა ერგნეთში ომის შემდეგ. დროშა იყო დახეული და ფეხით გათელილი. მან ის მოიპარა და შეინახა, დღეს კი მის მუზეუმში ღირსეულ ადგილს იკავებს.


მან ასევე მოგვითხრო ერთ-ერთი განსაკუთრებული ექსპონატის ისტორია: " ქალბატონმა ელზა მიქელაძემ მომიტანა საყურე, რომელიც მისმა შეყვარებულმა აჩუქა დაბადების დღეზე. ელზამ მითხრა : “გავუბრაზდი, ვუთხარი, რად გინდოდა ამ გაჭირვების ხანს-მეთქი”,გიორგიმ კი უპასუხა:”მე ამ დღეებში გამომიძახებენ ფრონტზე და შეიძლება ვერ დავბრუნდე. მინდა, რომ ჩემგან სახსოვრად დაგრჩეს ეს საყურე”, გიორგი წავიდა , იომა ღირსეულად, დაბრუნდა, შეუღლდნენ და დღეს 3 შვილის მშობლები არიან. ეს ექსპონატი ელზამ დიდი მოწიწებითა და სიყვარულით შემოსწირა ჩემს მუზეუმს".


როგორც აღინიშნა, მუზეუმში განთავსებულია განადგურებული წიგნები. თურმე ეს წიგნები ომის დროს მიწაზე ეყარა. ერთ-ერთ წიგნს კი ატყვია რუსული ჩექმის კვალი, სიმბოლოდ იმისა, რომ ისინი სადაც დგამენ თავიანთ ჩექმას, იქ ნადგურდება ყველაფერი. როგორც ამ, ისე დანარჩენ, თითოეულ ნივთს საკუთარი ტკივილი და ისტორია აქვს, ქალბატონი ლია კი გიდობას უწევს თითოეულ სტუმარს და გულდასმით უყვება თითოეული ნივთის ამბავს. "ერთმა ქალმა მითხრა, პირველად ვნახე გიდი, რომელიც თან ისტორიას ჰყვება და თან ტირისო",-ამბობს ის. ამ სარდაფში დღემდე ომის სუნი ტრიალებს, შეუძლებელია, უყურებდე ამ განადგურებულ ნივთებს და გულში სევდა არ ჩაგეღვაროს, პატრიოტიზმით არ აივსო.


ქალბატონი ლია ჩლაჩიძე არის პიროვნება, რომელიც ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართველი თუ უცხოელი ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში. იგი ქმნის ქართულ იდენტობას, იცავს ეროვნულ მეხსიერებასა და ისტორიას.

4 views0 comments
bottom of page